ახალი ამბები

პირის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა

26 თებერვალი, 2017 • 8564
პირის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა

მძევლად ხელში ჩაგდებისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში 5 ადამიანი დააკავეს.

მანამდე მხოლოდ სამი პირის დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულებმა ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით, მისსავე კუთვნილ ავტომანქანაში ჩასვეს და თბილისის ზღვის მიმართულებით გაიტაცეს ერთი პირი.

პოლიცია აცხადებს, რომ დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას  დაზარალებულისთვის წართმეული 5600 ლარი, თავზე ჩამოსაცმელი ტომარა, ღვედები, წებოვანი ლენტი და იარაღი ამოიღო.

გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდებისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

მასალების გადაბეჭდვის წესი