ახალი ამბები

ომბუდსმენის ინფორმაციით, დეკანოზის საკნის აუდიო-ვიდეოჩაწერა მიმდინარეობს

25 თებერვალი, 2017 • 4685
ომბუდსმენის ინფორმაციით, დეკანოზის საკნის აუდიო-ვიდეოჩაწერა მიმდინარეობს

სახალხო დამცველის ინფორმაციით, უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე დეკანოზ გიორგი მამალაძის საკნის აუდიო-ვიდეოჩაწერა მიმდინარეობს. ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

უჩა ნანუაშვილის თქმით, ეს გიორგი მამალაძის სურვილიც იყო:

“როგორც დღეს გავარვკეიეთ, საკანში ის იმყოფება აუდიო-ვიდეოკონტროლის ქვეშ, მისი უსაფრთხოებისთვის. საუბარია იმაზე, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია არსებობდეს, დაკვირვების ქვეშ იყოს და ეს დეკანოზის სურვილიც იყო, რომ მეტი ღონისძიებები გატარდეს. თვითონ მოითხოვა, რომ დაკვირვების ქვეშ იყოს,” – აღნიშნა ომბუდსმენმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი