ახალი ამბები

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა 27 თებერვალს დაკითხავს

25 თებერვალი, 2017 • 3267
დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა 27 თებერვალს დაკითხავს

საქართველოს მთავარი პროკურატურა მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ დეკანოზს ორშაბათს, 27 თებერვალს დაკითხავს. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.

ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, გიორგი მამალაძემ რამდენჯერმე განაცხადა უარი დაკითახვაზე:

„დაკავების შემდეგ ბრალდებული გიორგი მამალაძე გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. ის უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე. დაკავების შემდეგ მას ხუთჯერ შევთავაზეთ ჩვენების მოცემა, თუმცა ყველა ჯერზე უარი მივიღეთ . გარდა ამისა, მას მივმართეთ მივმართეთ ექსპერტიზისთვის, ნიმუშები მოეცა. 14 თებერვალს შევთავაზეთ, ნებაყოფლობით მოეცა ხმის, ხელწერისა და დნმ-ის ნიმუშები, რაზეც კვლავ უარი მივიღეთ. ამის შემდეგ უკვე სასამართლოს განჩინების საფუძველზე შევთავაზეთ, თუმცა ამ ჯერზე ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა მიზეზად და კვლავ უარი თქვა ნიმუშების გაცემაზე. რეალურად, ექიმმა მოგვცა თანხმობა, რომ მას თავისუფლად შეეძლო საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება.”

მისივე განცხადებით, გიორგი მამალაძის და მისი ადვოკატების განცხადება, რომ პროკურატურა პროცესს აჭიანურებს, არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. პროკურორი ამბობს, რომ დეკანოზს 27 თებერვალს დაკითხავენ, თუ კვლავ უარს არ განაცხადებს:

“არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ 24 თებერვალს ბრალდებულს კვლავ მივმართეთ ექსპერტიზისათვის ნიმუშების ასაღებად, იმის გათვალსიწინებით, რომ ეს მისი ვალდებულება იყო. რაც შეეხება დაკითხვას, იგი დაკითხება ორშაბათს, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მის მიმართ არსებობს ბევრი შეკითხვა და მას მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.”

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

დეკანოზი თავდაპირველად დუმილის უფლებით სარგებლობდა, თუმცა 21 თებერვალს განაცხადა, რომ მზადაა მისცეს ჩვენება, მაგრამ ამის შემდეგ მისი დაკითხვისთვის პროკურატურას აღარ მიუმართავს ბრალდებულის ადვოკატისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი