ახალი ამბები

განათლების სამინისტრო დისკუსიას იწყებს უმაღლესი განათლების დაფინანსებაზე

21 ნოემბერი, 2012 • • 1075
განათლების სამინისტრო დისკუსიას იწყებს უმაღლესი განათლების დაფინანსებაზე

“მომავალი 2 კვირა ვაპირებთ, რომ ამ საკითხზე დისკუსიაში გავატაროთ, ჯერ ისე გავხსენით თემა, ხვალ ვაპირებთ, რომ გავუგზავნოთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მეცნიერებათა აკადემიას, სტუდენტებს, ექსპერტებს, რომ მათ ჩამოაყალიბონ თავიანთი პრიორიტეტები”, – განაცხადა მინისტრმა ტელეკომპანია “კავკასიის”ეთერში გადაცემა “ბარიერში” სტუმრობისას. 

 

მინისტრის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტში მომავალი წლიდან უმაღლესი განათლების დაფინანსება გაორმაგდება, თუმცა განსახილველ საკითხად რჩება, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს ეს თანხა. ვნებათაღელვა ამ საკითხთან მიმართებაში გამოიწვია იმან, რომ თუკი სახელმწიფო ამ თანხით სტუდენტის ვაუჩერულ დაფინანსებას გაზრდის, ეს იმ სტუდენტებისთვის გააძვირებს სწავლის საფასურს, რომლებიც ვერ მოიპოვებენ საგრანტო დაფინანსებას.

 

გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, რომ ეს საკითხები ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ არის, რადგან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის ზედა ზღვარი დადგენილია, რომელიც ამ დროისთვის სახელმწიფო გრანტის თანხას ემთხვევა და 2250 ლარს შეადგენს. განათლების მინისტრის განცხადებით, სამინისტროს დღის წესრიგში არ დაუყენებია ზედა ზღვარის გადახედვის საკითხი. ის აცხადებს, რომ ორკვირიანი დისკუსიის შედეგად საზოგადოებისგან ელოდება წინადადებებს, თუ როგორ დაიხარჯოს უმაღლესი განათლებისთვის გაზრდილი დაფინანსება.

 

მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ორი კვირის შემდეგ გახდება ცნობილი სამინისტროს პოზიცია იმის თაობაზე, თუ დაფინანების რა მოდელზე შეჩერდება არჩევანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი