ახალი ამბები

დავით ნარმანია: ვერ ეღირსებიან, საკრებულოში პირველ მარტსაც არ მივალ

25 თებერვალი, 2017 • 33683
დავით ნარმანია: ვერ ეღირსებიან, საკრებულოში პირველ მარტსაც არ მივალ

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ის არ აპირებს  ოპოზიციის მოთხოვნის შესრულებას და საკრებულოში მისვლას.

“ცდილობენ, რომ ძალით მიმიყვანონ საკრებულოში. თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამას ვერ ეღირსებიან. მე ოთხშაბათსაც არ მივალ საკრებულოში,  რადგან ამ შოუს არ უნდა მოჰყვეს გაგრძელება,” – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, პოლიტიკური შოუებისთვის არ სცალია:

“ქალაქში უამრავი საქმე მაქვს გასაკეთებელი. პოლიტიკური შოუსთვის არ მცალია და ვერ ვიცლი. კარგი ამინდები დადგა, უამრავი საქმეა ქალაქში გასაკეთებელი. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ღირსეულად დახვდა მათ ცალკეულ, ცინიკურ და აგდებულ დამოკიდებულებას. ასე რომ, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოში მივიდე”.

24 თებერვალს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი არ დაუჭირა დადგენილების გაუქმებას, რომლის ძალითაც მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს სანდრო ეულის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი და ასი ათასობით ლარი გადაეცა.

საკრებულოს 29 წევრმა მხარი არ დაუჭირა გადაწყვეტილების გაუქმებას, ხოლო 13- მა წევრმა მხარი დაუჭირა. ერთმა თავი შეიკავა.

დადგენილება, რომელიც საკრებულომ 2016 წლის 23 დეკებერს მიიღო, შეეხება ზვიად ნაზღაიძისთვის სანდრო ეულის ქუჩაზე 5001 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთისა და 455 800 ლარის თანხის გადაცემას, რაც მთლიანობაში 971 260 ლარს აღწევს, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე 1642 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, რომელიც 2015 წლის ვერეს სტიქიის დროს დაზიანდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი