ახალი ამბები

ნინა ხატისკაცის მეუღლე მესტიის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა

20 ნოემბერი, 2012 • 5453
ნინა ხატისკაცის მეუღლე მესტიის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა

– “როგორც თავად მითხრა, ცოტა ხნის წინ, საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტით გადარჩევის შემდეგ ახალი თავმჯდომარე აირჩიეს და უნდობლობა გამოუცხადეს არსებულ გამგებელს. დროებით, სანამ გამოცხადდება კონკურსი, ის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს”, – განაცხადა ნინა ხატისკაცმა. 

 

ნინა ხატისკაცი საპარლამენტო უმრავლესობამ 7 ნოემბერს სახალხო დამცველის კანდიდატად დაასახელა, რასაც საზოგადოების არაერთგვარი რეაქცია მოჰყვა. საზოგადოების ნაწილის განმარტებით, ნინა ხატისკაცის ომბუდსმენად დანიშვნა და მისი მეუღლის, კახა ჟორჟოლიანის “ქართული ოცნების” წევრობა ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევდა. 

 

ნეტგაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში 7 ნოემბერს ნინა ხატისკაცმა “ინტერსთა კონფლიქტთან” დაკავშირებით განმარტებაც გააკეთა, რომლის მიხედვით, მოცემულ ეტაპზე ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავდა. 

 

“ჩემი მეუღლე არ არის  “ქართული ოცნების” წევრი, ის არ ყოფილა კოალიციის შტაბის ხელმძღვანელი, აქტიურად საქმიანობდა შტაბში, იყო აქტივისტი და ეხმარებოდა  თავის მეგობარს, დეპუტატს, რომელიც მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. ინტერესთა კონფლიქტი სხვა რამეა, მისი საქმიანობა და პოსტი უნდა იყოს შეუთავსებელი ჩემს საქმიანობასთან,  ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე ჩემს საქმიანობაზე გავლენა არ მოუხდენია სხვადასხვა ადამიანებთან  სიახლოვეს. ის, რომ უმრავლესობაში ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა, ეს არასდროს არ ყოფილა ჩემი პოზიციის განმსაზღვრელი. ჩემი ქმარი არ არის გადაწყვეტილების მიმღები და თანამდებობის პირი, უბრალოდ იმის თქმა, რომ იგი იზიარებს მათ ხედვებს და ამის გამო მე ვიქნები არაპრინციპული სახალხო დამცველი, ჩემთვის სასაცილოა ამაზე საუბარი. ყველაფერს დრო აჩვენებს და ძალიან მარტივად შეიძლება ამის ლუსტრირება, თუ ჩემს კანდიდატურას ექნება მხარდაჭერა პარლამენტში და შევუდგები ამ საქმიანობას,”- განაცხადა ხატისკაცმა. 

 

დღეს ნინა ხატისკაცი ამბობს, რომ მისი მეუღლის ნებისმიერ პოსტზე დანიშვნა ინტერესთა კონფლიქტს არ შექმნის. 

 

“მე ვესაუბრე კახასაც და თავადაც არ იცის, მერე რა მოხდება, თუმცა ამჟამად ეს იყო ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, რომელზეც შეთანხმდნენ. კახა გამგეობაში მუშაობდა მანამდეც, ის იყო საოლქოს თავმჯდომარეც და საკუთარი კარიერის გაგრძელებას იქ აპირებს და ეს გადაწყვეტილი აქვს. არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არც სამართლებრივად და არც მორალურად არ არსებობს. თუკი ის იქნება მესტიაში რაღაც პოსტზე, ეს ჩემს საქმიანობას არანაირად არ შეუქმნის პრობლემას,”- აცხადებს ნინა ხატისკაცი.

 

დღევანდელი გადაწყვეტილების მიღება, როგორც ნინა ხატისკაცი ამბობს, კახა ჟორჟოლიანისგან დამოუკიდებლად მოხდა. 

 

“როგორც თავად მითხრა, ‘ნაციონალური მოძრაობის’ 10-ზე მეტმა წევრმა სწორედ მის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი