ახალი ამბებისაზოგადოება

ისრაელის ელჩის თქმით, უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი არ დგას

24 თებერვალი, 2017 • 3852
ისრაელის ელჩის თქმით, უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი არ დგას

საქართველოში ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურიმ განაცხადა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო რეჟიმის საკითხი არ დგას.

შაბთაი ცური, ისრაელის ელჩი საქართველოში; ფოტო: ისრაელის საელჩო საქართველოში

შაბთაი ცური, ისრაელის ელჩი საქართველოში; ფოტო: ისრაელის საელჩო საქართველოში

“მე ამ საკითხზე ნამდვილად კომენტარს არ ვაკეთებ, ვინაიდან არ არსებობს ასეთი საკითხი”, – განაცხადა ელჩმა 24 თებერვალს “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

ელჩმა მხოლოდ კერძო პირის განცხადება უწოდა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს ინიციატივას უვიზო რეჟიმის 100 დღით გაუქმებაზე.

“2014 წელს მოეწერა ხელი უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებას და ეს ურთერთობა კიდევ უფრო ღრმავდება. რაც შეეხება ხარვეზებს, რომელიც წამოიჭრა, და არის პრეტენზიები საზღვარზე, ამაში ჩართული ვართ ორივე სახელწმიფო და მე მწამს, რომ ეს საკითხი ნამდვილად დავიწყებული იქნება”, – განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში.


საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ 24 თებერვალს განაცხადა, რომ რადგანაც საქართველოს მოქალაქეების ისრაელში შესვლასთან დაკავშირებით საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა და ზოგჯერ ეს გამოხატულია ანტისემიტური ფრაზეოლოგიით, მისი  ინიციატივაა, რომ დროებით, 100 დღით, შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა, რათა ორივე მხარის მონაწილეობით სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა კარგად შეისწავლოს აღნიშნული საკითხი.

როგორც იციკ მოშემ აღნიშნა, უნდა მოხდეს ისრაელში ტურისტად ან სამუშაოდ ჩასულთა გამიჯვნა და ტურისტულმა კომპანიებმა იმუშაონ მხოლოდ ტურისტებზე. რაც შეეხება სამუშაოს მაძიებლებს, ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს.

მანამდე, 7 თებერვალს საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ გამართა პრესკონფერენცია, სადაც ისრაელის მესაზღვრეები დაადანაშაულეს არასათანადო მოპყრობაში. ისინი საუბრობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ ამცირებდნენ ისრაელის საზღვარზე მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველები არიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ისრაელის ელჩს შაბთაი ცურს 10 თებერვალს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში ისრაელის სახელმწიფოს საზღვარზე საქართველოს მოქალაქეთა დაკავებისა და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ცალკეულ შემთხვევებზე.

საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოებს შორის ვიზების გაუქმებასა და დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობაზე შეთანხმებას 2013 წლის ნოემბერში მოეწერა ხელი, ხოლო 2014 წლის მარტიდან ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა.

2016 წლის ნოემბერში ისრაელის მედია იუწყებოდა, რომ მათი შსს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის თხოვნაზე ავტომატური უარის შემოღებას გეგმავდა. ადგილობრივი მედია ისრაელის შს სამინისტროზე დაყრდნობით წერდა, რომ ასეთი თხოვნების დიდი ნაწილი შესაძლებელია უარყოფილი იყოს ყოველგვარი ზედმიწევნითი შემოწმების გარეშე.

მასალების გადაბეჭდვის წესი