ახალი ამბები

პროკურორმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა, მაგრამ დეკანოზი გიორგი მამალაძე არ დაუკითხავს

24 თებერვალი, 2017 • 2393
პროკურორმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა, მაგრამ დეკანოზი გიორგი მამალაძე არ დაუკითხავს

პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გამოძიებას დღეს არ დაუკითხავს და მხოლოდ ხმის, ხელნაწერის და დნმ-ის ნიმუშები აიღეს.

“ჩვენ შესულები ვიყავით შესაბამისი ნიმუშების ასაღებად, ავიღეთ ეს ნიმუშები, კერძოდ, ეს იყო ხმის ნიმუში, ხელნაწერების ნიმუშები და ასევე დნმ-ის ნიმუში. ვინაიდან თქვენც ხედავთ, რომ ამ პროცედურებმა დიდხანს გასტანა, მისი დაკითხვის განხორციელება ვეღარ ესწრება დროში. ამის გამო ეს დაკითხვა გადაიდო სხვა დროისათვის. ბუნებრივია, ჩვენ შევუთანხმდებით დაცვის მხარეს და როცა იქნება ოპტიმალური დრო ორივე მხარისთვის, ამ დროს მოხდება მისი დაკითხვა”,- განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 თებერვალს, პროკურორი ე.წ. მატროსოვის ციხეში მივიდა, სადაც ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე იმყოფება. დღეს დაგეგმილი იყო სხვადასხვა სახის ნიმუშების აღება და  დეკანოზის დაკითხვა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

დეკანოზი თავდაპირველად დუმილის უფლებით სარგებლობდა, თუმცა 21 თებერვალს განაცხადა, რომ მზადაა მისცეს ჩვენება, მაგრამ ამის შემდეგ მისი დაკითხვისთვის პროკურატურას აღარ მიუმართავს ბრალდებულის ადვოკატისთვის. პროკურატურა, სავარაუდოდ, დღეს, 24 თებერვალს დაკითხავს დეკანოზს.

მასალების გადაბეჭდვის წესი