ახალი ამბებისაზოგადოება

ხილი და ბოსტნეული 10-ჯერ დღეში – ახალი კვლევა გულის დაავადებებისა და კიბოს პრევენციისთვის

24 თებერვალი, 2017 • 27473
ხილი და ბოსტნეული 10-ჯერ დღეში – ახალი კვლევა გულის დაავადებებისა და კიბოს პრევენციისთვის

ხილისა და ბოსტნეულის მიღება დღეში ხუთზე მეტჯერ  გულის შეტევის, კიბოს, ინსულტისა და ნაადრევი სიკვდილის რისკის შემცირების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა – ესაა ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერების უახლესი კვლევის ერთ-ერთი მიგნება.

კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც  მსოფლიოს მასშტაბით ხილისა და ბოსტნეულის მიღებაზე ჩატარებული 95  კვლევა გაანალიზეს, კვების რაციონში ხილისა ბოსტნეულის რაოდენობის გაზრდით მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 7,8 მილიონი ნაადრევი გარდაცვალების თავიდან აცილება შეიძლება.

კვლევის ავტორების თქმით, შედეგი დღის განმავლობაში ხილისა და ბოსტნეულის 5 პორციის მიღების შემთხვევაშიც თვალსაჩინოა, თუმცა, თუ დღეში 800 გრამ ხილსა და ბოსტნეულს მიიღებთ, 24%-ით შემცირდება გულის დაავადებების გამოწვევის რისკი, 33-ით – ინსულტის, 28%-ით შემცირდება კარდიოვასკულარული დაავადებების გაჩენის რისკი , 13%ით მცირდება კიბოს რისკი, 31%-ით კი, ნაადრევი სიკვდილი.

კვლევის მიხედვით, რისკის შემცირება შედარებულია იმ შემთხვევასთან, როდესაც საერთოდ არ ხდება ხილისა და ბოსტნეულის მიღება.

კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ გულისა და კარდიოვასკულარული დაავადებების, ასევე, ინსულტის რისკს ვაშლი, ატამი, ციტრუსი, სალათის ფოთოლი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო ამცირებს. ხოლო კიბოს რისკს- ისპანახი, მწვანე ლობიო, სტაფილო და სხვა ყვითელი ბოსტნეული.

აქვე კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ერთ პორციად 80 გრამი ხილი და ბოსტნეული მიიჩნევა, რაც ერთ პატარა ზომის ბანანს, ვაშლს, ატამს ან დიდ მანდარინს უდრის.

მასალების გადაბეჭდვის წესი