ახალი ამბები

ადვოკატი: მამა გიორგის დასაკითხად სრული მზაობა გვაქვს

24 თებერვალი, 2017 • 3994
ადვოკატი: მამა გიორგის დასაკითხად სრული მზაობა გვაქვს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, ექსპერტიზა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაკითხვა დღესვე დაიწყება, პროცესი დიდხანს გაგრძელდება.

“მამა გიორგის დასაკითხად ჩვენ გვაქვს სრული მზაობა. ამის შესახებ გავაკეთეთ ოფიციალური განცხადება, როგორც მიმართვის, ასევე წერილობითი სახით. შესაბამისად, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. მათ შორის, დასამალი არ გვაქვს, რომ ჩვენ ვართ უდანაშაულოები და არც იმ კითხვებზე გვაქვს დასამალი პასუხები, რაზეც ამ დღეების განმავლობაში ისმოდა კითხვის ნიშნები,” – ამბობს ადვოკატი.

გიორგი ფანცულაიას თქმით, დაცვის მხარე პროკურატურას სრულ ინფორმაციას მისცემს: “რათა თუ მათ მართლა უნდათ საქმის გამოძიება და არაა მათი მიზანი, რაზეც იყო ამ დღეების განმავლობაში, შეექმნათ საზოგადოებრივი აზრი, ნურას უკაცრავად. გამოიძიონ საქმე და დაადგინონ ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება, პირველ რიგში, ის არის, რომ მამა გიორგი მამალაძე არის უდანაშაულო.”

ფანცულაიას თქმით, არის მრავალი კითხვა, რომელსაც გაეცემა პასუხი:

“აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი და დაიკითხება დეკანოზი, თუ მათი [პროკუეატურის] სურვილიც არის. შესაბმისად, ჩვენ სრულ მზაობას გამოვხატავთ ამის.”

შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურორი ე.წ. მატროსოვის ციხეში მივიდა, სადაც ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე იმყოფება. დღეს დაგეგმილია სხვადასხვა სახის ნიმუშების აღება და ა დეკანოზის დაკითხვა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

დეკანოზი თავდაპირველად დუმილის უფლებით სარგებლობდა, თუმცა 21 თებერვალს განაცხადა, რომ მზადაა მისცეს ჩვენება, მაგრამ ამის შემდეგ მისი დაკითხვისთვის პროკურატურას აღარ მიუმართავს ბრალდებულის ადვოკატისთვის. პროკურატურა, სავარაუდოდ, დღეს, 24 თებერვალს დაკითხავს დეკანოზს.

მასალების გადაბეჭდვის წესი