ახალი ამბები

პროკურორი: ნიმუშებს ავიღებთ და დეკანოზის მზადყოფნის შემთხვევაში, დღესვე დავკითხავთ

24 თებერვალი, 2017 • 2103
პროკურორი: ნიმუშებს ავიღებთ და დეკანოზის მზადყოფნის შემთხვევაში, დღესვე დავკითხავთ

ე.წ. მატროსოვის ციხეში, სადაც მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე იმყოფება, პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი მივიდა.

“დღეს მოსულები ვართ, რომ ავიღოთ შესაბამისი ხელწერის ნიმუშები. ასევე, ავიღოთ ბიოლოგიური ნიმუშები და ფონოსკოპიური ნიმუშები – ე.ი. ხმის ნიმუშები. ამის შემდეგ, ბუნებრივია, თუ გამოთქვამს ბრალდებული მზადყოფნას, ის დაიკითხება.”

როგორც პროკურორი ამბობს, თუ ბრალდებული გამოთქვამს სურვილს და მისცემს ჩვენებას, დღესვე დაიკითხება.

კითხვაზე, თუ ვის მკვლელობას გეგმავდა დეკანოზი, პროკურორი ამბობს:

“მთავარი პროკურატურის მხრიდან გაკეთდა შესაბამისი განმარტებები. ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. თქვენ შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ იმ მასალებით და განმარტებებით, რომელიც გააკეთა პროკურატურამ.”

კითხვას, იგეგმებოდა თუ არა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა, პროკურორმა ასევე არ უპასუხა.

ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ თეთრუაშვილი დასაკითხ პირთა სიაშია, თუმცა, როდის დაიკითხება პატრიარქის მდივან-რეფერენტი, არ არის ცნობილი.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

დეკანოზი თავდაპირველად დუმილის უფლებით სარგებლობდა, თუმცა 21 თებერვალს განაცხადა, რომ მზადაა მისცეს ჩვენება, მაგრამ ამის შემდეგ მისი დაკითხვისთვის პროკურატურას აღარ მიუმართავს ბრალდებულის ადვოკატისთვის. პროკურატურა, სავარაუდოდ, დღეს, 24 თებერვალს დაკითხავს დეკანოზს.

მასალების გადაბეჭდვის წესი