ახალი ამბები

დაკავებულმა დეკანოზმა პროკურატურას ჩვენება შესაძლოა ხვალ მისცეს

23 თებერვალი, 2017 • 2649
დაკავებულმა დეკანოზმა პროკურატურას ჩვენება შესაძლოა ხვალ მისცეს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, დაკავებულის ადვოკატებს პროკურატურა დღეს დაუკავშირდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ იმ დროისთვის საპატიმროში შესვლა უკვე შეუძლებელი იყო, ბრალდებულის დაკითხვა არ მომხდარა. ადვოკატის თქმით, პროცედურა შესაძლოა ხვალ ჩატარდეს:

“დაგვიკავშირდნენ პროკუატურიდან, როგორც კი განცხადება [შევიტანეთ] და  ჩვენი შეხვედრა მოხდა წმინდა სინოდის წევრებთან პროკურატურიდან. უბრალოდ, ისეთ დროს დაგვიკავშირდნენ, უკვე შეუძლებელი იყო შესვლა საპატიმროში. ჩვენ მზად ვართ და მამა გიორგი მზადაა, ხვალ თუ კომუნიკაცია იქნება და დაგვიკავშირდებიან პროკურატურიდან, დავთქვამთ დროს” – ამბობს მიხეილ რამიშვილი.


დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი