ახალი ამბები

მიტროპოლიტი დიმიტრი: ვიდეომიმართვიდან ნაწილის ამოჭრა პატრიარქთან შეთანხმებული იყო

23 თებერვალი, 2017 • 1886
მიტროპოლიტი დიმიტრი: ვიდეომიმართვიდან ნაწილის ამოჭრა პატრიარქთან შეთანხმებული იყო

ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის ძმისშვილია, ამბობს, რომ ილია მეორის ვიდეომიმართვის ამოჭრა შეთანხმებული იყო თავად პატრიარქთან. მისივე თქმით, ამის აუცილებლობა დადგა, რადგან ილია მეორემ არასწორად გაიგო, თუ ვინ აკეთებდა ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს- პროკურატურა, თუ დაკავებული დეკანოზი:

“ვიდეო დამონტაჟებული არ იყო. იქ მოჭრილი იყო ნაწილი. ამას ესწრებოდა დაახლოებით 4 მღვდელმთავარი, ამას ესწრებოდა ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი, დავით ჭინჭარაული, პატრიარქთან მანამდე იყო საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით. იქ იქნა ნათქვამი, რომ პროკურატურის განცხადებების შესახებ ხან ერთს ამბობს პროკურატურა, ხან მეორეს, ხან მესამეს, რამაც ამ ხალხის გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია. რეალურად ასე იყო. შემდეგ, როდესაც მიმართვა გავაკეთეთ, არ ვიცი, ჩვენ ვუთხარით ხმადაბლა, მაგრამ ვერ გაიგო და აიღქვა, რომ მამა გიორგი აკეთებს ხან ერთ, ხან მეორე, ხან მესამე განცხადებას და როდესაც დასრულდა ყველაფერი, ჩვენ პატრიარქთან ვნახეთ, რომ ამ ფორმით გაშვება არ შეიძლებოდა. უფრო დააბნევდა ხალხს იმიტომ, რომ მამა გიორგი დუმდა და არანაირ ერთ, ორ და სამ განცხადებას არ აკეთებდა. პატრიარქიც ისმენდა ამას და ეს ნაწილი იქნა მოჭრილი. ეს, რა თქმა უნდა, შეთანხმებული იყო პატრიარქთან. შემდეგ იმაზეც შევთანხმდით, რომ სრული ვერსიით არ გავიდოდა”,- განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.


“რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან მეორეს? ვისი დავალებით ხდება ეს?” – ეს არის ტექსტი, რომელიც ამოჭრილია პატრიარქის ვიდეოგანცხადებიდან, რაც გაავრცელა ზუგდიდსა და ცაიშის ეპარქიამ.

ვიდეომიმართვის სრული ვერსია მოგვიანებით ტელეკომპანია ობიექტივმა გამოაქვეყნა. პატრიარქის ტექსტი დეკანოზი შესახებ ამ ნაწილიანად ასე გამოიყურება:

“…სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთვარდა, კარგი შედეგებია, ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან.

რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან მეორეს? ვისი დავალებით ხდება ეს?

…ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება,”- ამბობს პატრიარქი.


დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი