ახალი ამბები

მიქაელ ბოტკოველი: საპატრიარქოს პროტესტის ნიშნად ვტოვებ

23 თებერვალი, 2017 • 1703
მიქაელ ბოტკოველი: საპატრიარქოს პროტესტის ნიშნად ვტოვებ

დღეს, 23 თებერვალს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად საპატრიარქო დატოვა.

“მე პროტესტის ნიშნად ვტოვებ საპატრიარქოს. მე ამიერიდან აღარ ვარ საპატრიარქოს მდივანი. პატრიარქის დაცვის უფროსი რომ პატრიარქის მდივანზე ამბობს, რომ ის არის ცრუ და მატყუარა ადამიანი, ეს არის ის პრობლემა, რაზეც საპატრიარქოში ამ პრობლემებთან დაკავშირებით ვსაუბრობთ. კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის უფროსი, სუბორდინაციულად არის კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის დაქვემდებარებაშიც. მე ვთქვი მხოლოდ ის, რომ ის არ იმყოფებოდა ამ დღეებში, მე არ მინახავს, ის შეიძლება იმყოფებოდა, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრებზე ის არ გამოჩენილა”, – განაცხადა ბოტკოველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან საუბრისას.

დღეს მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ უნახავს მას შემდეგ, რაც პატრიარქი გერმანიიდან დაბრუნდა. ამის შემდეგ ოხანაშვილმა  განაცხადა, რომ იგი საპატრიაქროშია და ასრულებს თავის მოვალეობას, ხოლო ბოტკოველმა იცრუა.

მასალების გადაბეჭდვის წესი