მიტროპოლიტი დიმიტრი პატრიარქობაზე: ჩემი თავი გამორიცხულია

ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის ძმიშვილია, ამბობს, რომ საკუთარ თავს მომავალ პატრიარქად არ მოიაზრებს. მეტიც, პატრიარქობას გამორიცხავს.

ამის შესახებ მან 23 თებერვალს “ნეტგაეზთეთთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მიტროპოლიტ დიმიტრის  თქმით, როდესაც პატრიარქი ცოცხალია,  აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა “ზნეობას მოკლებულია”:

“მე მინდა გითხრათ, რომ საერთოდ ამ თემაზე საუბარი არის უზნეობა, როცა ცოცხალია პატრიარქი, მით უმეტეს, ჩემი მხრიდან.  მე მოვიაზრებ [პატრიარქად] მთელ სინოდს, სინოდის ყველა წევრს, ჩემს გარდა. ვთვლი, რომ მე ამ უმძიმესი ტვირთის ტარებისთვის მზად არ ვარ, ასე ვთქვათ, ეს შეუძლებელია ჩემთვის”.

მიტროპოლიტი დიმიტრი ამბობს, რომ მისი პატრიარქობა გამორიცხულია და ამის შესახებ, მისივე თქმით, პირველად განაცხადა საჯაროდ:

“თუნდაც ჩემი ნათესაური კავშირის გამო პატრიარქთან, ვთვლი, რომ პატრიარქი არის ეპოქალური პიროვნება, მან შექმნა ეპოქა, ერთი გვარის ადამიანებიდან პატრიარქი საკმარისია ეკლესიისათვის. სხვებსაც იგივეს ვეუბნები და დღესაც იმავეს გავიმეორებ, პატრიარქის სიცოცხლეში, როცა ცოცხალი და ჯანმრთელია ადამიანი, ზნეობას მოკლებულია ამაზე ფიქრიც კი, არამცთუ საუბარი. ჩემი თავი გამორიცხულია, მე ამას პირველად ვამბობ სახალხოდ”,- განაცხადა დიმიტრი შიოლაშვილმა 23 თებერვალს “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ვრცელ ინტერვიუს მიტროპოლიტთან საპატრიარქოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების შესახებ შეგიძლია მოუსმინოთ აქ. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com