პარლამენტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე კანონპროექტს I მოსმენით მხარი დაუჭირა

დღეს, 23 თებერვალს, პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 89 ხმით 20-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს.

ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები.

პროექტის მიხედვით, სააგენტოს უფროსის კანდიდატის შერჩევა განხორციელდება 7 წევრისგან დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ: საქართველო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – სპეციალური კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც კომისიის წევრად დანიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე;  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;  საქართველოს სახალხო დამცველი;  საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი.

პროექტის თანახმად,  შემოდის ზედამხედველი მოსამართლის ინსტიტუტი, რომელიც გააკონტროლებს და ზედამხედველობას გაუწევს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების აღსრულებას. ზედამხედველი მოსამართლე განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით და აღნიშნული ფუნქციის განხორციელება დაეკისრება უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს.

პროექტის თანახმად, ფარულ საგამოძიებო ღონისძიებების – სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების და ჩაწერის – კონტროლს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი განახორციელებს:  კონტროლის ელექტრონული სისტემით;  კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით; მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების საფუძვლის კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით).

“სააგენტოს საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს პარლამენტი საპარლამენტო კონტროლის ფორმების გამოყენებით. სააგენტო ასევე ანგარიშვლადებული იქნება პრემიერ-მინისტრის წინაშე და ყოველწლიურად წარუდგენს სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს მის მიერ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ,” – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრები თვლიან, რომ თუკი უმრავლესობა მხარს დაუჭერს ამ მოდელს, ხელისუფლება შეუსრულებელს დატოვებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. „ეს შენ გეხება“ კანონის მიღების შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.

ხოლო ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას ორგასაღებიან სისტემას სთავაზობს. მათი ინიციატივის მიხედვით, უნდა შეიქმნას აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი უწყება, რომელიც არ განახორციელებს საგამოძიებო უფლებამოსილებას. ის ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ პარლამენტის წინაშე. მოსმენისთვის საჭირო ერთი ე.წ. გასაღები ამ უწყების და მეორე, სასამართლოს ხელში იქნება. ინიციატივის მიხედვით,  ორივე ამ გასაღების „ჩართვაა“ საჭირო, რათა პირის ფარული მიყურადება განხორციელდეს.

კამპანია “ეს შენ გეხებას” საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია.

გადაწყვეტილებაში წერია, რომ ფარული მიყურადებით მონაცემები არ უნდა მოიპოვოს და შეინახოს ისეთმა უწყებამ, რომელიც დაინტერესებულია ამ ინფორმაციის გაცნობით.

“… მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მეტადატის) კოპირება და შენახვა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია, ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს,”- ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.