ახალი ამბები

დაკავებული დეკანოზის ადვოკატებმა საპატრიარქო დატოვეს

23 თებერვალი, 2017 • 3211
დაკავებული დეკანოზის ადვოკატებმა საპატრიარქო დატოვეს

დაკავებული დეკანოზის ადვოკატებმა, მიხეილ რამიშვილმა და გიორგი ფანცულაიამ საპატრიარქო დატოვეს. ისინი ე.წ. ციანიდის საქმეზე სინოდის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა. შეხვედრას არ ესწრებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე.

“ჩვენებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვა ჰქონდათ სინოდის წევრებს, რაზეც ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია. ძალიან დაინტერესებული არიან სიმართლის დადგენით. უნდა დადასტურდეს სიმართლე დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით- ან პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს მისი ბრალეულობა, ან ჩვენ დავამტკიცებთ მის უდანაშაულობას”, -განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე თქმით, მათი პოზიცია საქმესთან დაკავშირებით არ მოუსმენია. ისინი გიორგი მამალაძესთან შეხვედრას არ გეგმავენ. ესწრებოდა თუ არა შეხვედრას პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, რომელიც ადვოკატის თქმით დეკანოზის წინააღმდეგ ბრალში ფიგურირებს, ადვოკატები არ პასუხობენ:

“იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ესწრებოდა შეხვედრას, ჩემგან საუბარი იქნება არაეთიკური, თუ ამაზე პოზიციის დაფიქსირებას გადაწყვეტს საპატრიარქო [გააკეთებეენ განცხადებას]”,- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი