ახალი ამბები

EMC: პარლამენტი ტექნიკურადაც ვერ აკმაყოფილებს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას

23 თებერვალი, 2017 • 1993
EMC: პარლამენტი ტექნიკურადაც ვერ აკმაყოფილებს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, გურო იმნაძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ სუს-ის ფარგლებში სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნის მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს  გადაწყვეტილების მხოლოდ ფორმალურ დონეზე დაკმაყოფილებაა.

იგი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ თუკი მოსმენების “გასაღები” ექნება სააგენტოს, რომელსაც აქვს ოპერატიულ-სამძებრო ფუნქცია, მაშინ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება არ შესრულდება.

“პარლამენტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება იმას, რომ ძალიან ფორმალურად, ფაქტობრივად, ტექნიკურად დაკმაყოფილდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. თუმცა ეს ტექნიკური დაკმაყოფილებაც კი არ გამოდის, გამომდინარე იქიდან, რომ სუს-ის ფარგლებშივე იქმნება სააგენტო, რომელიც სუსისგან არ იქნება საკმარისად დამოუკიდებელი და სუს-ის უფროსს ძალიან ბევრი სამართლებრივი ბერკეტი აქვს სააგენტოს საქმიანობაზე. მეორე მხრივ, ეს სააგენტო არის არა ტექნიკური და, უბრალოდ,  სერვისის მიმწოდებელი ორგანო, არამედ ისევ სარგებლობს ძალიან ბევრი ოპერატიულ-სამძებრო ფუნქციით. შესაბამისად, სააგენტოს კვლავაც აქვს ინტერესი, რომ მოიძიოს მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია, დაამუშავოს, მათ შორის, პერსონალური მონაცემები. აქედან გამომდინარე, თუნდაც რომ ჩავთვალოთ, რომ ის არის სუს-ისგან დამოუკიდებელი, ამ სააგენტოსთვის გასაღების მინიჭება უკვე პრობლემურია,”- ამბობს გურო იმნაძე.

რაც შეეხება მაკონტროლებელ ორგანოებს, გურო იმნაძე ფიქრობს, რომ სააგენტოს საქმიანობაზე პარლამენტის ნდობის ჯგუფის მანდატის გავრცელება მცირედი გაუმჯობესებაა, თუმცა – არასაკმარისი.

“სააგენტო განახორციელებს არა მარტო სერვისს, ის იქნება ოპერატიული ორგანოც, ფარულ სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებს. ამავდროულად, ქმნის, იყენებს, შემოიტანს ქვეყანაში ელეტრონულ-ტექნიკურ მოწყობილობებს, თვითონვე ქმნის საკუთარი ფუნქციონირებისთვის პროგრამულ უზრუნველყოფას. ამიტომ ამგვარი დიდი სააგენტოს გასაკონტროლებლად ნდობის ჯგუფს არც ადამიანური რესურსი აქვს, არც სპეციალური ცოდნა, ამიტომ ეს არ იქნება საკმარისი,”- განაცხადა იურისტმა.

სასამართლო კონტროლის მექანიზმთან დაკავშირებით EMC-ის იურისტი ამბობს, რომ სამართლებრივად ეს გამართულია, თუმცა სასამართლო ვერ გააკონტროლებს სააგენტოს იმ შუამდგომლობების მიღმა, რომელსაც თვითონ სააგენტო წარუდგენს სასამართლოს.

“თუ სუსი რაიმე პროგრამულ ან ტექნიკურ შესაძლებლობებს შექმნის საკუთარი თავისთვის და ამას გამოიყენებს ისე, რომ სასამართლოს არც კი დაეკითხება, ცხადია, სასამართლო ამას ვერ შეამოწმებს და გააკონტროლებს,”- ამბობს გურო იმნაძე.

მანვე აღნიშნა, რომ 2016 წლის 14 აპრილს გამოცხადებული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლოს არ უთქვამს, თუ ვინ უნდა ახორციელებდეს ფარულ მოსმენებს. იმნაძის თქმით, სასამარლოსთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ტექნიკური ინსტრუმენტები, რომლითაც უკონტროლო მოსმენები ხორციელდება, არ ყოფილიყო მაქსიმალურად ბევრი ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული ორგანოს ხელში.

EMC-ის იურისტი ამბობს, რომ სწორედ ამ პრინციპს ითვალისწინებდა “ეს შენ გეხებას” მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა განუხილველი დატოვა:

“”ეს შენ გეხებას” კანონპროქტი ითვალისწინებდა იმას, რომ მოსმენის და მიყურადების ღონისძიებიბის განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი, შინაარსობრივად და სამართლებრივად, კვლავ სუსი იქნებოდა, უბრალოდ, ტექნიკური ინსტრუმენტები და ე.წ. გასაღები აღმოჩნდებოდა სუსის გარეთ და ამით დაზღვეული იქნებოდა, რომ უსაფრთხოების სამსახურები უსაფუძვლოდ, კანონიერი მიზნების გარეშე, თვითნებურად აღარ განახორციელებდნენ მოსმენა-მიყურადებას,”- განაცხადა გურო იმნაძემ ნეტგაზეთთან საუბრისას.


[checklist]

  • საკონსტიტუციო  სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს დააკმაყოფილა “ეს შენ გეხებას” სარჩელი და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია. სასამართლომ კანონის შესაცვლელად პარლამენტს ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.
  • 2016 წლის გაზაფხულსვე “ეს შენ გეხებამ” პარლამენტს  წარუდგინა სისტემის ცვლილების საკუთარი ვარიანტი, რომელიც სუსისგან და ყველა სხვა საგამოძიებო უწყებიდან დამოუკიდებელი ტექნიკური სერვისის მიმწოდებელი სააგენტოს შექმნას გულისხმობდა.
  • “ეს შენ გეხებას” კანონპროქტზე მერვე მოწვევის პარლამენტს არ უმსჯელია.
  • მეცხრე მოწევის პარლამენტმა შექმნა სამუშაო ჯგუფი, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გააცნეს კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარგლებში სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. მოსმენების “გასაღები” სწორედ ამ სააგენტოს ხელში იქნება.
  • 23 თებერვალს პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი