ახალი ამბები

დეკანოზის ადვოკატების შეხვედრას სინოდის წევრებთან პატრიარქი არ ესწრება

23 თებერვალი, 2017 • 2050
დეკანოზის ადვოკატების შეხვედრას სინოდის წევრებთან პატრიარქი არ ესწრება

ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ საპატრიარქოს შენობასთან მიაწოდა. საპატრიარქოში მიმდინარეობს სინოდის წევრების შეხვედრა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებთან.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ 21 თებერვალს, მანამდე ითხოვა პატრიარქთან ან სინოდის წევრებთან შეხვედრა, სანამ დაარღვევდა დუმილის უფლებას და პროკურატურას ჩვენებას მისცემდა, რაზეც საპატრიარქოდან უარი მიიღო.

დეკანოზი ამ დრომდე არ დაუკითხავს პროკურატურას.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი