ახალი ამბები

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

18 ნოემბერი, 2012 • • 1286
ტყიბულში მეშახტეები  გაიფიცნენ

ტყიბულში მეშახტეები ბოლო ორი კვირის მანძილზე უკვე მეორედ გაიფიცნენ. როგორც ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირის სამდივნოს წევრმა გიორგი ბაბუხადიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, ადმიინისტრაციამ მეშახტეებთან ორი დღის წინ  დადებული პირობა დაარღვია.

 

“გუშინწინ ადმინისტრაცია დაპირდა მეშახტეებს, რომ ჩვეულებრივად გაგრძელდებოდა მუშაობა. დღეს პირველი ცვლა ჩვეულებრივად წავიდა სამუშაოდ. როდესაც მეორე ცვლა შევიდა, ისინი გაუშვეს უბნის დემონტაჟზე, რაც გულისხმობს კონვეირებისა და სხვადასხვა მექანიზმების დემონტაჟს. როდესაც პირველი ცვლის მეშახტეებმა აღნიშნულის შესახებ შეიტყვეს, აღარ წამოვიდნენ და გაიფიცნენ”.

 

ამჟამად შახტაში 50 ადამიანი 300 მეტრზე იმყოფება. 

 

როგორც გიორგი ბაბუხადია განმარტავს, დემონტაჟი ძიძიგურის სახელობის შახტის გაუქმებას გულისხმობს. მისივე ინფორმაციით, შახტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აღნიშული გაუქმება დროებითი მოვლენაა. ბაბუხადიამ ჯერ–ჯერობით ვერც მუშებთან შეხვედრა მოახერხა, რომ მათი სამომავლო გეგმების შესახებ იცოდეს, აპირებენ თუ არა ისინი პროტესტის სხვა ფორმებისთვის მიმართვას. 

 

გიორგი ბაბუხადია აცხადებს, რომ თბილისიდან ტყიბულის მიმართულებით შახტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიდიან და იგი უშუალოდ გენერალური მდივნის პირველი მოადგილის ვალერი კუხალაშვილისგან მოისმენს  შახტის გაუქმების მიზეზებს . 

 

ტყიბულის შახტაში მუშები ადრეც გაიფიცნენ, წინა გაფიცვის მიზეზი ადმინისტრაციის მხრიდან მუშების რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება გახდა. თუმცა გუშინწინ, 16 ნოემბერს ადმინისტრაცია მათ დაპირდა, რომ ჩვეულებრივ გაგრძელდებოდა მუშაობა შახტაში, ამიტომ მეშახტეებმა მუშაობა განაგრძეს, მაგრამ მხოლოდ 2 დღით. 

 

“ადმინისტრაცია შემცირებას აპირებდა ადამიანებისას, მაგრამ გაფიცვების პერიოდში დასკვნა წარმოადგინეს, რომ ძიძიგურის სახელობის შახტაზე, სეისმური სადგურიდან მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ველები, სადაც ხდება ნახშირის მოპოვება, არამიზანშეწონილი და საფრთხის შემცვლელია მეშახტეებითვის, ასევე კომისიის შექმნას დაპირდენენ, რომელიც არც ჩამოსულა და არ უნახავს ადგილი”. –განაცხადა ბაბუხადიამ.

 

ტყიბულში სულ ორი შახტაა– მინდელის და ძიძიგურის სახელობის, მათ საერთო ადმინისტრაცია ჰყავს. მინდელის სახელობის შახტაში მესამე ცვლა შევიდა, ბაბუხადიასთვის არ არის ზუსტად ცნობილი,  შეუერთდებიან თუ არა გაფიცვას მინდელის სახელობის შახტის წარმომადგენლები. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი