ახალი ამბები

ქუცნაშვილი: საზოგადოება სასამართლოს სხდომების დროს აუცილებლად გაიგებს ციანიდის საქმის მტკიცებულებებზე

23 თებერვალი, 2017 • 2504
ქუცნაშვილი: საზოგადოება სასამართლოს სხდომების დროს აუცილებლად გაიგებს ციანიდის საქმის მტკიცებულებებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის აზრით, ე.წ. ციანიდის საქმე იმდენად მგრძნობიარეა, რომ შეუძლებელია, მასში არ ჩართულიყვნენ უმაღლესი თანამდებობის პირები.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ დაცვის მხარეს აქვს იგივე უფლებები, რა უფლებაც აქვს ბრალდების მხარეს.

“გაუთქმელობის ხელწერილი ადვოკატს უფლებას არ აძლევს, საიდუმლო მასალები გარეთ გამოიტანოს. ეს მასალები საიდუმლოდ ვერ დარჩება იმიტომ, რომ საქმე გრიფით საიდუმლო არ არის და სასამართლო განხილვა საჯარო იქნება. საზოგადოება სასამართლოს სხდომების დროს აუცილებლად გაიგებს მტკიცებულებებზე. ”

ზაქარია ქუცნაშვილის აზრით,   ეკლესიის და საზოგადოების ინტერესებშია, რაც შიძლება მალე გასაჯაროვდეს მტკიცებულებები.

“დანაშაულის სიმძიმიდან და მასზე საზოგადოების რეაქციიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო, უმაღლესი თანამდებობის პირები არ ჩართულიყვნენ ამ საქმეში.  25 წელია დამოუკიდებელ ქვეყანას ვაშენებთ და ჯერ არ გვქონია შემთხვევა, რომ რომელიმე მოძღვარი მკვლელობის მომზადებაში ყოფილიყო ბრალდებული. რა მნიშვნელობა აქვს, ვის მკვლელობაზე ვლაპარაკობთ?  ამორალური მგონია პოზიცია, რომ მისი უწმინდესობის მკველელობა შეიძლება არ დაგეგმილიყო და შეიძლება სხვა მოქალაქის მკვლელობა დაგეგმილიყო. შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ორგანიზება შეიძლება და პატრიარქის მკვლელობის ორგანიზება [არა?]… არავის მკვლელობის ორგანიზება შეიძლება. ”

რაც შეეხება დეკანოზისა და შორენა თეთრუაშვილის დაკითხვის საკითხს, ქუცნაშვილის თქმით, პროკურატურას ჭკუა არ უნდა ვასწავლოთ:

“გამოძიების საქმეა დაკითხვა. ჩვენ ახლა გამოძიებას ჭკუას ნუ ვასწავლით, პროკურატურა მიხედავს თავის საქმეს.  ფაქტი ერთია, რომ გიორგი მამალაძემ დუმილის უფლება თავად აირჩია. ”

დეკანოზს, რომელიც 10 თებერვალს დააკავეს მკვლელობის მომზადების ბრალდებით. გამოძიების ცნობით, თან ჰქონდა ციანიდი და ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც იმჟამად პატრიარქი ილია მეორე იმყოფებოდა.

დეკანოზი 21 თებერვლამდე დუმილის უფლებას იყენებდა, რის გამოც ვერ დაკითხავდნენ, თუმცა 21 თებერვალს მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ იგი მზად იყო, მიეცა ჩვენება.

21 თებერვალს ილია მეორეს შეხვდნენ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მათ დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საკითხზე ისაუბრეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი