ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, 23 თებერვალს პროკურატურას დეკანოზის დაკითხვა არ დაუნიშნავს

23 თებერვალი, 2017 • 3242
ადვოკატის თქმით, 23 თებერვალს პროკურატურას დეკანოზის დაკითხვა არ დაუნიშნავს

დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ დღეს, 23 თებერვალს [10:30 საათზე] არ დაკავშირებია პროკურატურა დეკანოზის დასაკითხად.

დეკანოზი, რომელიც 10 თებერვალს მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს, გამოძიების ცნობით, მას თან ჰქონდა ციანიდი და ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც იმჟამად პატრიარქი ილია მეორე იმყოფებოდა.

დეკანოზი 21 თებერვლამდე დუმილის უფლებას იყენებდა, რის გამოც ვერ დაკითხავდნენ, თუმცა 21 თებერვალს მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ  მზად იყო, მიეცა ჩვენება.

21 თებერვალს ილია მეორეს შეხვდნენ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მათ დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საკითხზე ისაუბრეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი