ახალი ამბები

პირველად პატრიარქმა თქვა, რომ მამა გიორგი თავდებით გამოსულიყო – მიტროპოლიტი პეტრე

22 თებერვალი, 2017 • 1740
პირველად პატრიარქმა თქვა, რომ მამა გიორგი თავდებით გამოსულიყო – მიტროპოლიტი პეტრე

“ის, რომ მხოლოდ მეუფე პეტრე იყო განსხვავებულ აზრზე [დეკანოზ გიორგი მამალაძის] თავდებად გამოშვებისა, არ შეესაბამება სიმართლეს”, – ეს განცხადება ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა) ნანა კაკაბაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა.

მიტროპოლიტმა პეტრემ ამ საკითხზე რუსთავი 2-თან სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა:

“პატრიარქის მიერ იქნა ეს მოსაზრება პირველად გაჟღერებული, რომ მამა გიორგი თავდებით გამოსულიყო. ამ კუთხით მე და პატრიარქი ვიყავით ერთ აზრზე. უბრალოდ, სინოდის წევრებმა სთხოვეს მის უწმინდესობას, რომ მამა გიორგის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჯობდა საპყრობილეში დარჩენილიყო”, – თქვა მიტროპოლიტმა პეტრემ.

რ2-ის ინფორმაციითვე, გუშინ ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რომ საპატრიარქოში ყველა, მეუფე პეტრე ცაავას გარდა, ერთ პოზიციაზეა, რომ საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე თავდებით არ უნდა გამოვიდეს, რადგან ეს მისთვისვე იქნება საფრთხის შემცველი.

“ჩანაწერები ნახა თითქმის ყველა სასულიერო პირმა და ყველა თანხმდება, რომ გამოძიება დროულად უნდა დასრულდეს. ასევე თანხმდებიან, რომ გიორგი მამალაძე თავდებით არ უნდა გამოვიდეს, რადგან ეს თავად მისთვის იქნება სახიფათო. ერთადერთი განსხვავებული პოზიცია აქვს მამა პეტრეს. მე ვერ გეტყვით, ზოგადად, რა პოზიციაზე დგას მამა პეტრე. გაუგებარია მისი პოზიცია. პატრიარქს ეს ჩანაწერი არ უნახავს, ყოველი შემთხვევისთვის, ამ დრომდე. ამ წუთების შემდეგ რა მოხდება, ამაზე ვერაფერს გეტყვით. შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან ამ წუთებში მიმდინარეობს და, ალბათ, დამატებითი დეტალები შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი,” – განაცხადა ნანა კაკაბაძემ, რომელიც გუშინ საპატრიარქოში იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი