ახალი ამბები

ორი დღე გავიდა, რაც დაკავებული დეკანოზი მზადაა, მისცეს ჩვენება, თუმცა პროკურატურას არ დაუკითხავს

22 თებერვალი, 2017 • 2387
ორი დღე გავიდა, რაც დაკავებული დეკანოზი მზადაა, მისცეს ჩვენება, თუმცა პროკურატურას არ დაუკითხავს

ორი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც დაკავებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ განაცხადა, რომ დუმილის უფლებით აღარ ისარგებლებს, თუმცა პროკურატურას ჯერ კიდევ არ დაუკითხავს.

კითხვაზე, რატომ არ დაკითხეს დაკავებული დეკანოზი, პროკურატურაში აცხადებენ, რომ “დაიკითხება ყველა პირი, ვისი დაკითხვის საჭიროებაც დადგება გამოძიების პროცესში. კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ვერ გავცემთ ინფორმაციას.”

ანალოგიური პასუხი გაგვცა პროკურატურამ კითხვაზე, მართლა დაბარებულია თუ არა გამოკითხვაზე პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა [18:00], რომ პროკურატურა ჯერ კიდევ არ დაკავშირებია მათ და ვერც დღეს დაკითხავენ დეკანოზს, რადგან სამუშაო საათები დასრულდა, არასამუშაო საათებში კი არ შეიძლება დაკითხვის წარმართვა.

გუშინ, 21 თებერვალს, ილია მეორეს შეხვდნენ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მათ დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საკითხზე ისაუბრეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი