ახალი ამბები

დეკანოზს კლინიკიდან ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აბრუნებენ

22 თებერვალი, 2017 • 8056
დეკანოზს კლინიკიდან ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აბრუნებენ

ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ზაზა ლაზარაშვილის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ამ წუთებში გასაწერად ამზადებენ.

ზაზა ლაზარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აღარ საჭიროებს სტაცინარულ მკურნალობას. მანვე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მზადდება საბუთები დეკანოზის გასაწერად და მატროსოვის ციხეში გადაიყვანენ.

ჩაფიძის კლინიკის ეზოში უკვე დგას სასჯელაღსრულების სამინისტროს ავტომობილი.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაში 17 თებერვალს, საღამოს გადაიყვანეს. მას გამოკვლევების შედეგად დაუდგინა ფილტვების ანთება. საავადმყოფოში დეკანოზმა ხუთი დღე გაატარა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი