ახალი ამბები

აჭარის ფინანსთა სამინისტროს შპს-დან, სავარაუდოდ, 5 მილიონი ლარი მიითვისეს

22 თებერვალი, 2017 • 2900
აჭარის ფინანსთა სამინისტროს შპს-დან, სავარაუდოდ, 5 მილიონი ლარი მიითვისეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენა 2009“-ის ხელმძღვანელობას დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხის მითვისება ედება ბრალად. საუბარია ნაგავსაყრელის პროეტქზე, რომელიც ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურის ტერიტორიაზე იუნდა აშენებულიყო.

„ამ შპს-ს დირექტორად დაინიშნა გიორგი ლომთათიძე. ის აჭარის მთავრობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, სოფიო გუჯაბიძის მეუღლეა. [გიორგი ლომთათიძე აქამდე ერთ-ერთ კერძო კომპანიაში მუშაობდა-ავტ]. ჩვენი აზრით, საქმე გვაქვს მიზანმიმართულ კორუფციულ სქემასთან. ამ საქმეზე ინფორმაცია გვაქვს ბოლო ორი დღეა, მაგრამ სამინისტრო არ ადასტურებდა შპს „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორის, ირაკლი ცეცხლაძის გაუჩინარებას. ჩვენი ინფორმაციით, მან დაახლოებით 5 მილიონი მიითვისა“, – ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

„2017 წლის 21 თებერვალს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც გათვალისწინებულია  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 – ე მუხლის მე – 2 ნაწილის „დ“  და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით“.

საგამოძიებო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან მიმალვაში და „ტარდება ყველა ოპერატიული, გადაუდებელი ღონისძიება მათ დასაკავებლად“.

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა ენმ-ის წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის ბრიფინგის შინაარსის შესახებ, ამ საკითხზე პარალელურ რეჟიმში ბრიფინგი გამართა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინსიტრმა, რამაზ ბოლქვაძემ:

„შპს „ჰიგიენა 2009″-ში აღმოჩენილი დარღვევებისა და ფინანსური შეუსაბამობების შესახებ ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობეთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით, მიმდინარეობს გამოძიება. მინდა განვაცხადო: სახელმწიფო სახსრების მითვისება და სახელმწიფოს ხარჯზე ხელის უკანონოდ მოთბობა არავის შერჩება. ყველა კანონდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ იქნება დადგენილი. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ნაგავსაყრელის პროექტის განხორციელება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.“

რამაზ ბოლქვაძემ უპასუხოდ დატოვა „ბათუმელების“ კითხვები, როდის მიმართა საგამოძიებო სამსახურს, რა ოდენობის თანხის მითვისებაზეა საუბარი, ვინ იძებნება კონკრეტულად, ან ვინ დაინიშნა სახელმწიფო შპს-ს ახალ დირექტორად.

რაც შეეხება კომპანიაში ახალი ხელმძღვანელის დანიშვნას, გიორგი ლომთათიძემ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ ის დღეს დილით დაინიშნა „ჰიგიენა 2009“-ის ხელმძღვანელად. გვითხრა, რომ გამოძიების და წინა დირექტორის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. გიორგი ლომთათიძე ადასტურებს, რომ ნამდვილად სოფიო გუჯაბიძის მეუღლეა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი