ახალი ამბები

ოთარ კახიძე: ე.წ. ციანიდის საქმე საგანგებო პროკურორმა უნდა გამოიძიოს

22 თებერვალი, 2017 • 2229
ოთარ კახიძე: ე.წ. ციანიდის საქმე საგანგებო პროკურორმა უნდა გამოიძიოს

საპარლამენტო უმცირესობა ე.წ. ციანიდის საქმეზე საგანგებო პროკურორის დანიშვნას მოითხოვს. ამის შესახებ პარლამენტში ოთარ კახიძემ განაცხადა.

ოთარ კახიძის თქმით, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თავად ვერ წარუძღვება პროცესს, ვინაიდან ის არის დაინტერესებული პირი:

“ირაკლი შოთაძე ჩამოშორდეს თანამდებობას და  დაინიშნოს საგანგებო პროკურორი, რომელიც ამ საქმეს გამოიძიებს მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ. შესასწავლია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციას, როგორც თავად მამალაძის ბარგში ციანიდის აღმოჩენას, ასევე მისი საცხოვრებელი სახლიდან ვაზნებისა და იარაღის ამოღებას. დასადგენია, რატომ შეჰყავდა ირაკლი შოთაძეს შეცდომაში საზოგადოება, როდესაც აცხადებდა, რომ იგეგმებოდა მაღალი სასულიერო იერარქის პირის მკვლელობა. ეს აღმოჩნდა ტყუილი, მაგრამ რაღაც იდგა ამის უკან,” – ამბობს კახიძე.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი