ახალი ამბები

უმრავლესობის წევრი: ქალაქში სამორინეების აშენება უნდა აიკრძალოს და ქალაქგარეთ გავიტანოთ

22 თებერვალი, 2017 • 4891
უმრავლესობის წევრი: ქალაქში სამორინეების აშენება უნდა აიკრძალოს და ქალაქგარეთ გავიტანოთ

“მე, როგორც გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი და ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე, კარგად ვიცნობ ამ პრობლემას და აუცილებლად მიმაჩნია, ქალაქის ტერიტორიაზე სამორინეების მშენებლობა აიკრძალოს და ქალაქგარეთ განისაზღვროს სპეციალური ზონები, სადაც დასაშვები იქნება ეს საქმიანობა,” – ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა სავალან მირზოევმა გააკეთა.

სავალან მირზოევის თქმით,  მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გადადგმული არაერთი ქმედითი ნაბიჯისა, საქართველო ჯერ კიდევ დგას მწვავე სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე. მისივე აზრით,  ასეთ ვითარებაში არარეგულრიებული აზარტული თამაშების ბიზნესის არსებობა გარკვეული საფრთხის შემცველია.

“ქვეყანაში აზარტული თამაშები აღქმულია არა გართობის, არამედ ფულის შოვნის საშუალებად და შემოსავლის წყაროდ. მოქმედი კანონმდებლობით, ეს საქმიანობა, ფაქტობრივად, არ რეგულირდება. არ არის განსაზღვრული ტერიტორიული შეზღუდვები, თუ სად შეიძლება მსგავსი ტიპის დაწესებულებების განთავსება. პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როცა სამორინეები სასწავლო დაწესებულებებთან და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მიმდებარე ტერიტორიაზე იქმნება, რაც აზარტულ თამაშებს ახალგაზრდებისთვის, ხშირად სკოლის მოსწავლეებისთვის ხდის ხელმისაწვდომს.”

დეპუტატის აზრით, შეზღუდვების დაწესება აუცილებელია:

“იმისათვის, რომ სიღარიბე საბოლოოდ დავამარცხოთ და ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს განათლება მივცეთ, ახალგაზრდების  განვითარების უზრუნველსაყოფად, საჭიროა შევზღუდოთ და დავარეგულიროთ ისეთი ტიპის საქმიანობა, რომელიც ამ პროცესს შეუძლებელს, ხოლო  ჩვენი ქვეყნის ყველაზე დაუცველ ფენას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულს ხდის. იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ინვესტირება შევძლოთ, უნდა ავკრძალოთ ის,რაც ამ მომავალს გვართმევს,” – აღნიშნავს მირზოევი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა დეპუტატი აზარტული თამაშების კომპანიების საქმიანობის დარეგულირებას მოითხოვს. მერვე მოწვევის პარლამენტში ასეთივე ინიციატივით კობა დავითაშვილი გამოვიდა, თუმცა მას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი