ახალი ამბებისაზოგადოება

შალვა ჯიხვაძე: ილია II შეეცდება, მალე და უმტკივნეულოდ გამოიყვანოს საპატრიარქო ამ მდგომარეობიდან

22 თებერვალი, 2017 • 7124
შალვა ჯიხვაძე: ილია II შეეცდება, მალე და უმტკივნეულოდ გამოიყვანოს საპატრიარქო ამ მდგომარეობიდან

სინოდის წევრებს შორის დაპირისპირება, პატრიარქ ილია მეორის ავადმყოფობა, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ დაწყებული გამოძიება, – ბოლო პერიოდში საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” თეოლოგიის მაგისტრანტს, შალვა ჯიხვაძეს ესაუბრა.

არის თუ არა დაკავშირებული საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლასთან ის დაპირისპირება, რომელიც დღეს საპატრიარქოშია. შესაძლებელია თუ არა პარალელების გავლება სხვა დროსა და სხვა ეკლესიებთანაც, რამდენად დამახასიათებელია ტახტისთვის ბრძოლები ეკლესიების ისტორიაში?

– პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს თემები მორწმუნე ადამიანებისთვის მეტად სენსიტიურია, ამიტომ შევეცდები ვისაუბრო  და შევაფასო მხოლოდ ის საკითხები, რაც უკვე გაჟღერებულია.  რა თქმა უნდა, მსგავსი მოვლენები, ვგულისხმობ ბრძოლას ძალაუფლებისათვის, პირველი შემთხვევა არაა ქრისტიანობის ისტორიაში, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში. იყო შემთხვევებიც, როდესაც იმპერატორები უხეშადაც კი ერეოდნენ საეკლესიო საქმეებში, თუმცა წარსულში მომხდარ ფაქტებს ისეთივე სიმძაფრით ვერ აღვიქვამთ.

რაც შეეხება ამ მოვლენებს, ჩემი აზრით, შეუძლებელია სხვა ახსნა მოეძებნოს, რადგანაც მაღალიერარქების და საპატრიარქოს წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები ეხება მხოლოდ პოლიტიკასა და ძალაუფლებას და დაცლილია ყოველგვარი თეოლოგიური ნარატივისგან.

წინა კითხვიდან გამომდინარე, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს სამღვდელო იერარქებისთვის ფინანსური თუ ადმინისტრაციული პრობლემები, რომელთა გამოც ისინი ერთმანეთს აკრიტიკებენ?

– როგორც ვხედავთ, საკმაოდ მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ფორმით არ განვითარდებოდა მოვლენები. ასეთი ტიპის პრობლემები საპატრიარქოში ახალი არაა. მსგავსი შემთხვევა 2004 წელსაც მოხდა, თუმცა საქმე მალე მიიჩქმალა იმ კვაზი არგუმენტით, რომ ეკლესიის საქმეები ეკლესიაშივე უნდა გადაწყდეს. საპატრიარქოს დამცველებს აქვთ ერთი ასეთი ჩვევა, როდესაც მათ სჭირდებათ, ყოველთვის აპელირებენ „დიდი სჯულის კანონით“ და ეპისკოპოსის განუკითხაობით და ა.შ.

თუმცა ამ წიგნში არის ერთი კანონი, რომელიც ამბობს, რომ თუ სასულიერო პირზე არის საჩივარი, სადაც საუბარია ქონებრივ პრეტენზიებზე ან მის მიერ ჩადენილ უმსგავსო დანაშაულზე, მაშინ არ ექცევა ყურადღება ბრალმდებლის პიროვნებას და არც მის სარწმუნოებას. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ საეკლესიო სწავლებით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია თამამად ისაუბროს და ჩაერთოს ასეთ საკითხებში (მათი მოტივაციისა თუ მიზნის მიუხედავად).

ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეული მოქალაქის ჯიბიდან საპატრიარქოს ერიცხება თანხა  და მას აქვს სრული უფლება იცოდეს, თუ რაში იხარჯება ეს თანხა.

2004 წლის შემდეგ ზოგადად ბევრი რამე შეიცვალა მთლიანად საზოგადოებაში, გაჩნდა ინტერნეტი, სოციალური ქსელები და უფრო ღია გახდა პროცესები. იქნება ამან მოახდინოს გავლენა ამ კონკრეტულ პროცესზე?

– კი, რა თქმა უნდა, უფრო მარტივად ხდება ინფორმაციების გაცემა და კომუნიკაცია, თუმცა, თუ საპატრიარქოსგან და ხელისუფლებისგან არ წამოვა ეს ინიციატივა, რადგანაც მათ აქვთ რეალური დოკუმენტები, ეს ისევ ასეთი ჭორებისა და მითების დონეზე დარჩება.

მოქალაქეები, მრევლი, რამდენად არიან მზად, რომ ჩაერთონ საპატრიარქოსთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში?

– ჩვენთან „საეკლესიო გარდამოცემად“ დადის, რომ ყველა მღვდელი შეუმცდარია და მათი კრიტიკა არ შეიძლება, რადგანაც ეს უდიდესი ცოდვაა, რომელიც შემდეგ თაობებზე გადავა. რა თქმა უნდა, ასეთ პათოსზე აღზრდილი მრევლი (რომლებზეც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებზე ნამდვილად შესტკივათ გული), ყოველთვის შეეცდება დისტანცია დაიჭირონ ასეთი საკითხებისგან.

დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ დაწყებული გამოძიება მიუთითებს თუ არა სახელმწიფოს პოზიციაზე საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების მიმართ?

– ძალიან რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ვფიქრობ, სახელმწიფო რაღაც ფაქტის წინაშე დადგა, რომ მივიდა ასეთ უკიდურეს ქმედებამდე, თუმცა არ ვიცი, რეალურად იქ საქმე მარტო ციანიდს ეხება თუ არა ან/და კიდევ არის თუ არა რაღაც სხვა გარემოებები. ჩემი აზრით, P.S-ში რომ არ გასულიყო სიუჟეტი, დღემდე ეს ამბავი გაუხმაურებელი დარჩებოდა.

როგორ ფიქრობთ, რამდენი ჯგუფია საქართველოს ეკლესიაში დაპირისპირებული და ვის რა უპირატესობა აქვს?

– ამ შემთხვევაში შეუძლებელია ზუსტად დადგინდეს, რამდენი ჯგუფია და ვინ, ვის წინააღმდეგაა, თუმცა მიმდინარე მოვლენებმა აჩვენა, რომ ღიად მხოლოდ მეუფე პეტრე ცაავა უპირისპირდება შორენა თეთრუაშვილს (და რამდენიმე სასულიერო პირს, რომლებიც მისი ჯგუფის წევრებად მოიხსენია).  მეუფე იაკობ იაკობაშვილი კი- მეუფე პეტრეს და სოსო ოხანაშვილს (მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის სიძეს). ვარაუდების გამოთქმა შეიძლება, თუმცა საქმე იმდენად ჩახლართულად მეჩვენება, რომ ამ შემთხვევაში თავს შევიკავებ.

ილია მეორის მხარდაჭერა რამდენად არსებითია და ამ ეტაპზე ვისკენ იხრება იგი?

– პატრიარქი ყოველთვის გამოირჩევა თავისი დიპლომატიით  და ყოველთვის მოზომილად საუბრობს. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც ის შეეცდება, რომ სიტუაცია დაასტაბილუროს და არ გაამწვავოს. ფაქტია, რომ პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძეს დადებით პიროვნებად აფასებს და მის ამბავს გაუგებრობას უწოდებს და, ამავე დროს, შორენა თეთრუაშვილი ისევ რჩება მის მდივან-რეფერენტად, მეუფე იაკობი- ქორეპისკოპოსად და ა.შ.

, რომ სინოდის წევრების დაპირისპირება ეკლესიის ფარგლებს გასცდა, ჩნდება შესაძლებლობა, რომ საპატრიარქო უფრო მეტად გამჭვირვალე გახდეს, თუ დროებითი კრიზისია, რომელსაც ისევ ჩაკეტილობით დაძლევს საპატრიარქო?

– რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს, მე მაინც მაქვს სურვილი, რომ ამ მოვლენებმა საპატრიარქო მიიყვანოს სრულ გამჭვირვალობამდე და მოხდეს საპატრიარქოში ლუსტრაცია და ერთხელ და სამუდამოდ გამოჩნდეს, თუ ვინ, რას წარმოადგენს, რაც  თავიდან აგვაცილებს იმას, რომ ამ ჭორაობის დონეზე საუბარს ბოლო მოეღება.

მას შემდეგ, რაც ილია მეორე ჩამოვიდა საქართველოში, რა ნაბიჯებს უნდა ველოდოთ პატრიარქისგან საპატრიარქოს შიდა დაპირისპირების მოსაგვარებლად და გამოძიების მიმდინარეობის მიმართაც?

– პირდაპირ გაიჟღერა სახელმწიფო მოხელეებისგან, რომ ყველანი ელოდებოდნენ პატრიარქის ჩამოსვლას, რომ მასთან შეთანხმებულად იმოქმედონ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პატრიარქი უკვე ძალიან მხცოვანია, ვფიქრობ, მას სავარაუდოდ აღარ შესწევს ძალა, რათა სრულად აკონტროლოს  სიტუაცია და ის შეეცდება, რაც შეიძლება მალე, მარტივად და უმტკივნეულოდ გამოიყვანოს საპატრიარქო ამ მდგომარეობიდან.

თეოლოგიის მაგისტრანტი შალვა ჯიხვაძე

თეოლოგიის მაგისტრანტი შალვა ჯიხვაძე

ილია მეორისთვის არ იქნება მნიშვნელოვანი მემკვიდრის არჩევადასახელება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი საქართველოში არყოფნით უმართავი გახდა სიტუაცია?

– მემკვიდრის დასახელება არაფერს შეცვლის. დღეს, საპატრიარქოში (და ქვეყანაშიც) პატრიარქი არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს და ასე თუ ისე სიტუაციას ასტაბილურებს. მის შემდგომ მოსულს, ან თუნდაც მემკვიდრედ გამოცხადებულს, დიდი გზის გავლა მოუწევს ასეთი ავტორიტეტის მოსაპოვებლად, ხოლო მანამდე ჟურნალისტები და კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება დიდი წნეხის ქვეშ გამოატარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი