ახალი ამბები

პრეზიდენტი საპატრიარქოს დაფინანსებაზე: არა ვარ კომპეტენტური ამ საკითხებში

22 თებერვალი, 2017 • 2497
პრეზიდენტი საპატრიარქოს დაფინანსებაზე: არა ვარ კომპეტენტური ამ საკითხებში

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2–ის გადაცემა არჩევანში იმ მოვლენების შესახებ ისაუბრა, რაც ქვეყანაში განვითარდა დეკანოზ გიორგი მამალაძის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავების შედეგად. ჟურნალისტმა შეკითხვა დასვა სახელმწიფოს მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსებაზეც და პრეზიდენტს მიმართა: თვლით თუ არა, რომ გადასახედია ეს საკითხი?

“მე არა ვარ კომპეტენტური ამ საკითხებში. მე არასდროს არ შემისწავლია ეკლესიისა და სახელმწიფოს ქონებრივი ურთიერთობები, მე ვიცი, რომ ეკლესია ფინანსდება ბიუჯეტიდან, მაგრამ ამის იქით მე არასდროს არ ჩამიხედავს ამ საკითხებში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზის დაკავების შედეგად გამწვავებული ვითარების შემდეგ საქართველოს რესპუბლიკური პარტია გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყდეს საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსება  სახელწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტებიდან. საპირისპირო ინიციატივით გამოვიდა საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, მათ ეკლესიისთვის დაფინანსების გაზრდა მოითხოვეს ისე, რომ ამ თანხამ ბიუჯეტის ნახევარი პროცენტი შეადგინოს.

ბოლო წლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 25 მილიონი ლარით ფინანსდება. ამას ემატება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თვითმმართველობიდან გამოყოფილი თანხებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი