გიორგი ფანცულაია, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ადვოკატის თქმით, დეკანოზმა ჩვენების მიცემაზე კურთხევა მიიღო

მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზმა უკვე მიიღო კურთხევა ჩვენების მიცემაზე. ადვოკატის თქმით, უახლოეს დღეებში დაარღვევენ დუმილის უფლებას და ძალიან ბევრ რამეზე ისაუბრებენ – “პირველ რიგში, ვისაუბრებთ მის უდანაშაულობაზე.”

როგორც გიორგი ფანცულაიამ ნეტგაზეთს განუცხადა, დაცვის მხარე დეკანოზის დაკავების პირველივე დღიდანვე ამბობდა, რომ აუცილებლად დაარღვევდა დუმილის უფლებას, ისაუბრებდა მის უდანაშაულობაზე და კიდევ ბევრ რამეზე. თუმცა, როგორც ადვოკატი ამბობს, როდის დაარღვევდნენ დუმილს, დამოკიდებული იყო გარკვეულ ფაქტორებზე:

“პირველ რიგში, ეს იმაზე იყო დამოკიდებული, რომ შეხვედრილიყო სასულიერო პირებს და აეღო ნებართვა (კურთხევა). ამავე დროს, აუცილებელი იყო იმ არაადეკვატური საზოგადოებრივი ფონის გადავლა, რომელიც იყო შექმნილი პროკურატურის არასწორი განცხადებებიდან. ასევე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და, ზოგადად, დაცვის ტაქტიკაზე იყო დამოკიდებული. გარდა ამისა, უამრავ კომპლექსურ ფაქტორზე.”

დეკანოზი აქამდე ამბობდა, რომ ელოდებოდა კურთხევას ჩვენების მისაცემად. კითხვაზე, მიიღო თუ არა დეკანოზმა ეს კურთხევა და ვისგან, ფანცულაია გვპასუხობს: “კი, მიიღო… იმ სასულიერო პირებისგან, ვინც შევიდა მის მოსანახულებლად. კონკრეტულად, რომლისგან მიიღო, ეს წმინდა სასულიერო თემაა და ვერც ვისაუბრებ. ალბათ, ყველამ იცის, რომ მასთან რამდენიმე მეუფე იყო შესული: მეუფე პეტრე, მეუფე ანდრეა… შეიძლება ორივესგან აიღო კურთხევა. ეს მათი პირადი თემაა.”

გიორგი ფანცულაიას თქმით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რომ დეკანოზის სამივე ადვოკატი შეხვდა კათოლიკოს–პატრიარქს. მისი თქმით, პატრიარქთან ამ საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამის შესახებ ისაუბრეს.

“პატრიარქი დაინტერესდა იმ არანორმალური მდგომარეობით, რომელიც ამ საქმეზეა შექმნილი. თავისთავად, ის გაეცნო ამ სიტუაციას და დარწმუნებულები ვართ, რომ სწორ შეფასებებს გამოიტანს. მისი უწმინდესობის მაგივრად ჩვენ ვერ გავაკეთებთ სხვა განცხადებას,” – ამბობს დაკავებული დეკანოზის ადვოკატი.

დეკანოზის ადვოკატებმა გუშინ გენერალურ პროკურატურას მიმართეს თხოვნით, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე გაუთქმელობა მოიხსნას. კითხვაზე, მიიღო თუ არა დაცვის მხარემ პროკურატურის პასუხი, ფანცულაია ამბობს: “რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ მიგვიღია.”

ადვოკატი ასევე საუბრობს გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მისი ინფორმაციით, ჯერჯერობით კვლავ მიმდიანრეობს ინტენსიური დაკვირვება, ვინაიდან დეკანოზს ახლა ფილტვის ანთება (პნევმონია) აქვს. ფანცულაიას თქმით, მამალაძეს ასევე ძალიან მძიმე პრობლემები აქვს გადატანილი გულზე.

“ჩაფიძის კლინიკაში სწორედ იმიტომ არის, რომ განსაკუთრებით გულზე უტარდება დაკვირვება და არაერთი კვლევა. ამავე დროს, დღეს საღამოს აპირებენ ექიმები, როგორც მათ გამოთქვეს სურვილი, რომ გადაიყვანონ ავერსის კლინიკაში, რათა ჩაუტარდეს იმ კუთხით კვლევები, რაც ვერ უტარდება მას ჩაფიძეში – სხვადასხვა პროფილის კლინიკებია. რამდენიმე საათით იქნება ავერსის კლინიკაში და შემდეგ ისევ ჩაფიძის კლინიკაში დააბრუნებენ,” – ამბობს გიორგი ფანცულაია.

გიორგი ფანცულაია, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

გიორგი ფანცულაია, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, გერმანიიდან დაბრუნებული ილია მეორე დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრას აპირებს. ილია მეორე დღეს შეხვდა როგორც დაკავებულის ადვოკატებს, ასევე, ბრალდების მოწმეს. პატრიარქს ასევე შეხვდნენ მაღალი იერარქიის სასულიერო პორები და პრეზიდენტი. ამ დროისთვის (20:50) ილია მეორეს საპატრიარქოში პრემიერ–მინისტრი და მთავარი პროკურორი ხვდებიან.

13 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პროკურორმა ამის შესახებ საჯაროდ 13 თებერვალს განაცხადა, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია რუსთავი 2-მა გაავრცელა.  პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას დეკანოზის ბარგიდან “ნატრიუმის ციანიდი” ამოიღეს. მამალაძე თბილისის აეროპორტში დააკავეს, საიდანაც, პროკურატურის თქმით, ბერლინში მიფრინავდა.

გენერალურმა პროკურორმა 13 თებერვალს განაცხადა, რომ გამოძიებას ამის შესახებ მოქალაქემ შეატყობინა. “მოქალაქის თქმით, გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდი, რათა “მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”. 13 თებერვალს პროკურატურამ ასევე გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამია: “როგორც გაირკვა, გ. მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე.”

ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.