ახალი ამბები

თბილისის “ათეშგას” ეროვნული მნიშვნელობის მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

21 თებერვალი, 2017 • 10819
თბილისის “ათეშგას” ეროვნული მნიშვნელობის მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

​თბილისის ათეშგას, ზოროასტრული ცეცხლის ტაძარს, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, 21 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

ათეშგა თბილისის ერთ-ერთი უძველესი საკულტო ნაგებობაა. ის კალას უბნის ზედა ნაწილში, ნარიყალის ციხის ქვეშ, გომის N3-ში მდებარეობს. ათეშგა საქართველოში ზოროასტრელთა ერთადერთი შემორჩენილი ტაძარია.

თბილისის ათეშგა. ფოტო: კულტურის სამინისტრო

თბილისის ათეშგა. ფოტო: კულტურის სამინისტრო

ნაგებობა ზოროასტრული ცეცხლის ტაძრებისათვის დამახასიათებელი ტრადიციული გეგმარებითა და სტრუქტურით არის ნაშენები, რომელსაც ძველქართულად არტოშანს უწოდებდნენ.

სხვადასხვა ისტორიული ცნობისა და მკვლევართა მოსაზრებების მიხედვით, ნაგებობა V-VII საუკუნეებით თარიღდება. ათეშგამ სახე იცვალა საუკუნეთა განმავლობაში.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 1986 წლის 14 ნოემბერს, სსსრ მინისტრთა საბჭოს N° 706 დადგენილებით, „ათეშგას“ განესაზღვრა ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი. 2007 წლის 1 ოქტომბერს თბილისში მდებარე ძეგლებისთვის საბჭოთა პერიოდში მინიჭებული სტატუსები გადამტკიცდა, რის შედეგადაც „ათეშგას მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი შეუნარჩუნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი