ახალი ამბები

გაიცანით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის “დამფუძნებელი დედები და მამები” ერთ კრებულში

21 თებერვალი, 2017 • 4613
გაიცანით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის “დამფუძნებელი დედები და მამები” ერთ კრებულში

დღეს, 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელი კრების მემორიალური ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრების შესახებ ცნობებს აერთიანებს.

მემორიალურ ალბომში თავმოყრილია ფოტომასალა და სხვადასხვა სახის დოკუმენტი, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრების ისტორიას მოგვითხრობს. წიგნში შესულია 145 დეპუტატის შესახებ ინფორმაცია.

დამფუძნებელი კრება, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო იყო, მიზნად ისახავდა, პარლამენტის მოწვევამდე შეემუშავებინა კონსტიტუცია და სახელმწიფო მმართველობის ფორმა. კრება საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამდე, 1919-1921 წლებში ფუნქციონირებდა. დამფუძნებელი კრება 1919 წელს ჩატარებული საყოველთაო ფარული კენჭისყრის შედეგად დაკომპლექტდა.

ალბომის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ვრცლად: საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებლების წაშლილი ისტორიის გაცოცხლება ერთ ალბომში

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარმა და წიგნის ავტორმა ირაკლი ხვადაგიანმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მუშაობა ამ კრებულზე 2013 წელს დაიწყეს.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრების შესახებ მემორიალური ალბომი

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრების შესახებ მემორიალური ალბომი

“სიაც კი არ იყო დაზუსტებული. საბოლოო ჯამში, ეს გახდა ჩვენი დასაზუსტებელი, დოკუმენტაცია მოსამზადებელი. ოღონდ აღმოჩნდა, რომ კრებულის ბეჭდვის სახსრები არ იყო გათვალისწინებული”, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

საბოლოოდ, კრებულის გამოსაცემი თანხის მესამედზე ცოტა მეტი – საზოგადოებამ და ორგანიზაციებმა გაიღო, მესამედი – “ღია საზოგადოება-საქართველომ”  და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა დააფინანსა.

დღევანდელ პრეზენტაციაზე 1000-იანი ტირაჟით გამოცემული კრებული დამფინანსებლებსა და დამფუძნებელი კრების წევრების შთამომავლებს გადაეცათ, ალბომის ნაწილს საგანმანათლებლო მიზნით გამოიყენებენ, ნაწილი კი გაიყიდება ამავე კრებულის ახალი ტირაჟის დასაფინანსებლად.

ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ კვლევა ისევ გრძელდება, რადგან ზოგიერთი შთამომავალი ვერ იპოვეს და მათ შესახებ ინფორმაცია შესავსებია. ნელ-ნელა ჩნდებიან ოჯახები, რომლებიც მათ უკავშირდებიან.

მისი თქმით, უნდა შექმნან ვებგვერდი, რომელზეც გამოქვეყნდება უფრო ვრცელი ინფორმაცია დამფუძნებელი კრების მუშაობის შესახებ, სადაც განთავსდება კრების სტენოგრამები, კანონთა კრებული და დეპუტატებთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაცია.

პრეზენტაციაზე მისული იყო ლიანა სირბილაძე, რომლის ბაბუა ერმალოზ სირბილაძე, დამფუძნებელი კრების წევრი, პოლიტიკური საქმიანობის გამო 1937 წელს დახვრიტეს. ლიანა სირბილაძე ამბობს, რომ იმ პერიოდში ბევრი ინფორმაცია იმალებოდა და მხოლოდ დღიურები და ფოტოებიღა შემორჩა.

“[რებული] მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დაფასდა ის, რაც ადამიანმა გააკეთა ამ ქვეყნისთვის”, – ასე განმარტა ლიანა სირბილაძემ კრებულის მნიშვნელობა.

ჩიტო შარაშიძის შთამომავლები საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრების შესახებ მემორიალური ალბომის პრეზენტაციაზე

ჩიტო შარაშიძის შთამომავლები საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრების შესახებ მემორიალური ალბომის პრეზენტაციაზე

დამფუძნებელი კრების დეპუტატის, ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძის შთამომავლები- ნინო და მარინა ქარცივაძეები ამბობენ, რო მწიგნის ავტორებს ქრისტინე შარაშიძის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია – მისცეს წერილები, უამბეს ისტორიები.

“[ალბომის გამოცემას] ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის, რაც მაშინ იმ ხალხმა გააკეთა, ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი საქართველოსათვის”, – ამბობს ნინო ქარცივაძე.

მარინა ქარცივაძემ კი  ქრისტინე შარაშიძის გამბედაობა გაიხსენა. იგი ერთ-ერთი იყო 48 ადამიანს შორის, რომელმაც ექვთიმე თაყაიშვილის გასვენებაში წასვლა გაბედა და გამოსამშვიდობებელი სიტყვაც წარმოთქვა.

ნანული თავართქილაძე დამფუძნებელი კრების წევრის, ოსმან მიქელაძის ბაბუა იყო. იგი ამბობს, რომ ბაბუის შესახებ ზოგადი ინფორმაცია აქვს, რადგან მანამდე დახვრიტეს, სანამ იგი დაიბადებოდა.

“დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩემი ბაბუა რომ არ არის დავიწყებული. ახსოვს ხალხს, ჩვენ გვახსოვს, მაგრამ, სამწუხაროდ, თვალით არ მინახავს. 1937 წელს ისე დახვრიტეს, დედაჩემსაც აღარ ახსოვს, ისეთი პატარა იყო. იმის შემდეგ სულ მესმის კარგი ბაბუაზე… დედაჩემი ცოცხალი რომ იყოს… მე ქალიშვილის მხრიდან ვარ შთამომავალი, დედა სულ მისტიროდა მამას, სულ იხსენებდა”, – ამბობს ნანული თავართქილაძე.

ნანული თავართქილაძემ გვიამბო, რომ საბჭოთა რეპრესიები რეპრესირებულთა შთამომავლებსაც შეეხოთ. იგი იხსენებს, რომ დედამისი ძალიან განიცდიდა, როდესაც “ხალხის მტრებს” ეძახდნენ. ქონება რაც გააჩნდათ –  ყველაფერი ჩამოართვეს.

“გაჭირვებაში გაიზარდნენ, როცა ნორმალურად უნდა გაზრდილიყვნენ. მათ აკლდათ ყველაფერი, დაშინებული თაობა წამოვიდა. ბებიაჩემი ამ თემაზე არაფრით არ ილაპარაკებდა, იმდენად დაშინებული იყო”, – ამბობს ნანული თავართქილაძე.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრების შესახებ მემორიალური ალბომის პრეზენტაციაზე

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრების შესახებ მემორიალური ალბომის პრეზენტაციაზე

შოთა გუჯაბიძე, რომელიც ასევე ესწრებოდა პრეზენტაციას და მისთვის განკუთვნილი წიგნი მიიღო, როგორც დამფინანსებელმა, ამბობს, რომ წიგნი უნიკალურია.

“უბრალოდ, წინასწარი მოლოდინი მაქვს, რომ ეს არის ერთ-ერთი უნიკალური წიგნი, რაც კი არსებულა ქართულ სინამდვილეში, იმიტომ, რომ ძალიან დიდი შრომაა გაწეული. კი არის გაცვეთილი სიტყვა, მაგრამ საშვილიშვილო ამბავია თუნდაც ამ ადამიანების შემდგომი ბედისწერის გაგება და საჯაროდ [გავრცელება]”, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

კიდევ ერთი დამფინანსებელი, რომელსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ლუკა ბახსოლიანია. იგი მიიჩნევს, რომ ეს ალბომი საქართველოს უმნიშვნელოვანეს პერიოდს ეხება.

“პირველ რიგში, დავაფინანსეთ იმიტომ, რომ გერონტი ქიქოძე იყო ბაბუაჩემის ბაბუა და დამფუძნებელი კრების ნაწილი. ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი არის, რადგან საქართველოს ისტორიის, საქართველოს ერთიანობის და ერის უმნიშვნელოვანესი წერტილია ისტორიაში. ამ კვლევით ბევრი ინფორმაცია მიეცემა საზოგადოებას, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი, და კიდევ უფრო საფუძვლიანად შეეძლებათ მოქალაქეებს, გაიცნონ საკუთარი ისტორია”, – ამბობს ლუკა ბახსოლიანი.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც პრეზენტაციას ესწრებოდა, აწმყოსთან პარალელი გაავლო და განაცხადა, რომ დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონი და საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ შეეგუება ოკუპაციას.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრების შესახებ მემორიალური ალბომის პრეზენტაციაზე

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრების შესახებ მემორიალური ალბომის პრეზენტაციაზე

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ  მიღებულ კონსტიტუციაზე, რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა, ემუშავა  ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

“ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაგვესვა და პარალელი გაგვევლო ჩვენს წარსულსა და ჩვენს სახელმწიფოებრიობას შორის, რომელსაც  მნიშვნელოვანი ისტორია გააჩნია. დღეს, როდესაც უკვე ხელახლა აღდგენილი ქართული სახელმწიფო თავის 26-ე წელს ითვლის და როდესაც ჩვენ ჩვენი სახელმწიფოებრიობის გზას ამ დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ ვაძლიერებთ და ვამტკიცებთ, ჩვენ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან რთულ ვითარებაში შექმნეს პირველი ქართული რესპუბლიკა და ძალიან საინტერესო პოლიტიკური პროცესი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ირაკლი ხვადაგიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,  რომ მემორიალური კრებულის პრეზენტაცია სწორედ იმ დარბაზში გაიმართა, სადაც დღევანდელ დღეს, 1921 წლის 21 თებერვალს საბჭოთა რუსეთის ქვემეხების ხმის ფონზე დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი