ახალი ამბები

სემეკი ბუნებრივი აირის ტარიფების გადახედვას იწყებს

21 თებერვალი, 2017 • 33175
სემეკი ბუნებრივი აირის ტარიფების გადახედვას იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, გოჩა შონიამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ბუნებრივი აირის კომპანიებმა, “საქორგგაზმა” და “სოკარ ჯორჯია გაზმა” კომისიას სატარიფო განაცხადით 20 თებერვალს საღამოს მიმართეს. ამ დროისთვის კომისია არ საუბრობს, უნდა ველოდოთ თუ არა ტარიფების გაზრდას.

კომისიის დეპარტამენტი შეისწავლის, თუ რამდენად არის სატარიფო განაცხადები კანონმდებლობასთან შესაბამისი, რის შემდეგაც დაიწყება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. კომპანიებისთვის ტარიფების დასადგენად კომისიას 150-დღიანი ვადა აქვს განსაზღვრული.

კომისიის წევრის თქმითვე,  კომპანია “ყაზტრანსგაზს” სატარიფო განცხადით მათთვის ჯერ არ მიუმართავს.

გოჩა შონიამ ნეტაზეთს განუცხადა, რომ ტარიფის მომატებასთან დაკავშირებით კომისია “ვარაუდებისგან თავს იკავებს”:

“ჩვენ დღეს არ ვსაუბრობთ ტარიფების არც გაძვირებაზე, არც შემცირებაზე და ასე შემდეგ. დღეს ვსაუბრობთ, რომ უნდა მოხდეს ამ სექტორის სატარიფო რეგულირების განხორციელება. ელექტროენერგეტიკის სექტორში უკვე დავიწყეთ განხორციელება, ელექტროენერგეტიკის ყველა მოთამაშისთვის დავადგინეთ ტარიფები. რაც შეეხება გაზის სექტორს, ძალიან დიდი ხანია, ტარიფები არ გადათვლილა, ამიტომ, ვფიქრობთ, რომ საჭიროა, ამ სექტორშიც მოხდეს ტარიფების გადაანგარიშება ყველა სუბიექტისთვის, ვინც თამაშობს დღეს ამ ბაზარზე, იმდენად, რამდენადაც არსებული ტარიფები, რომელიც დადგინდა დაახლოებით 11 წლის უკან, უკვე რეალობას არ შეესაბამება,”- განაცხდა გოჩა შონიამ.

მისივე თქმით, ვალუტის კურსის ფაქტორი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს:

“რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. კურსის ცვლილება მოქმედებს ყველა საქონელზე, რომლის შესყიდვა ხდება დოლარში და შემდეგ გაყიდვა ხდება ლარში. თუმცა ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი არის მრავალკომპონენტიანი. ამიტომ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, გაივლის დეპარტამენტი ყველა კომპონენტს, შეისწავლის ამ საკითხებს და შემდეგ, თუ რა რეალობა დადგება, ამას უკვე წარმოადგენს კომისიაში,”- განაცხადა გოჩა შონიამ.

როგორც ნეტგაზეთს განუცხადეს, მსხვილი მოთამაშეების – სოკარის, სქორგგაზისა და ყაზტრანსგაზის გარდა არის 25 წვრილი კომპანია, რომელთა ტარიფსაც ასევე გადახედავენ კომისიისთვის მიმართვის შემთხვევაში.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი