ახალი ამბები

ბესელია ე.წ. ციანიდის საქმეზე: ეკლესია და ხელისუფლება სხვადასხვა მხარეს არ იქნებიან

21 თებერვალი, 2017 • 4381
ბესელია ე.წ. ციანიდის საქმეზე: ეკლესია და ხელისუფლება სხვადასხვა მხარეს არ იქნებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ხელისუფლება სხვადასხვა მხარეს არ იქნებიან.

ეკა ბესელიას ინფორმაციით, უჩა ნანუაშვილი პატრიარქს პრეზიდენტის მიერ დეკანოზის შეწყალების საკითხზე ესაუბრა:

“გუშინ შევხვდით უწმინდესს და ამ საქმეზე ზოგადად ვისაუბრეთ.  სიმართლე უნდა გაირკვეს, ეკლესია და ხელისუფლება არ იქნება სხვადასხვა მხარეს. ჩვენი ერთიანი პოზიცია იქნება, რომ ამ საქმეზე რეალობა და სიმართლე უნდა გაცხადდეს და დადგინდეს. უწმინდესმა თქვა, რომ ესაუბრა ომბუდსმენი. ომბუდსმენმა უთხრა მას, რომ პრეზიდენტს შეწყალების უფლება აქვს. ეს საჯაროდ განაცხადა უწმინდესმა იქ,” – აღნიშნა ბესელიამ.

დეპუტატის განცხადებით, ამ საქმეში არავინ უნდა იყოს მხარე, დაცვის და ბრალდების გარდა:

“ვისურვებ, რომ ამ საქმეში არავინ აღმოჩნდეს მხარე, მათ შორის, არც პრეზიდენტი, არც ომბუდსმენი, არც ვინმე სხვა, გარდა მართლაც მხარეებისა, და მხარე არის დაცვა და ბრალდება. ეს ხელს უშლის პროცესს, არ შეიძლება, ჩვენ რომელიმე მხარეს ვიდგეთ. სიმართლე უნდა დადგინდეს და გამოძიებას ხელშემშლელი ბარიერები უნდა მოვარიდოთ.”

კითხვას, მოცემულ მომენტში მხარეები არიან თუ არა ომბუდსმენი და პრეზიდენტი, ბესელია პასუხობს:

“არ მითქვამს, რომ პრეზიდენტი და ომბუდსმენი მხარეები არიან. ისე რომ არ გამოჩნდეს, რომ რომელიმე პირი და ეს პირი არის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ეს იქნებოდა კარგი. ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება ასეთი შთაბეჭდილება ჩანდეს.”

მისივე თქმით, მომხრეა, რომ მტკიცებულებების ნაწილი მაინც გასაჯაროვდეს:

“პროცესში მხარეებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები. საჯარო განცხადებების თვალსაზრისით გარკვეული შეზღუდვა იმას არ ნიშნავს, რომ საქმეში დაცვის მხარეს ეზღუდება დაცვის განხორციელება. მე მომხრე ვიყავი და მომხრე ვარ, რომ მტკიცებულებების ნაწილი მაინც გასაჯაროვდეს და ამით მეტი სიცხადე შევიდეს საქმეში, ოღონდ ისე, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს.”

დღეს, 21 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველა მხარეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე.

“ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართლდამცავ სტრუქტურებს, აკეთონ თავისი საქმე პოლიტიკური ჩაერევების გარეშე. ამ პროცესის ღიაობით, გამჭვირვალობით შეჯიბრობითობით, იმიტომ, რომ მე მინდა შევახსენო ყველას, რომ დღეს შეჯიბრობითობა და უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულია საქართველოში და მამა გიორგის, მის ადვოკატებს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თავის სიმართლე გააცნონ საზოგადოებას, რადგან ჩვენ ყველანი ამაზე ვსაუბრობთ.”

ილია მეორის გერმანიაში ყოფნის დროს პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავა და ბრალი მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის წაუყენა. დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატიმრობა 2017 წლის 10 თებერვალს მიუსაჯეს. თავდაპირველად პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ერთ-ერთი სამღვდელო იერარქის მოწამვლა სურდა და ციანიდით მიემგზვრებოდა ბერლინში, სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე და სინოდის წევრების ნაწილი. დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მესამე ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ დეკნოზს ბრალად ედება პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება.

მასალების გადაბეჭდვის წესი