ახალი ამბები

მიტროპოლიტი ვახტანგი: რაც დღეს ხდება, ეს არის შეთქმულება ეკლესიის წინაშე

21 თებერვალი, 2017 • 8804
მიტროპოლიტი ვახტანგი: რაც დღეს ხდება, ეს არის შეთქმულება ეკლესიის წინაშე

ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი (ახვლედიანი) ამბობს, რომ ეკლესიაში მიმდინარე მოვლენები შეთქმულებაა ეკლესიის წინაშე. მან ასევე ჟურნალისტებს მიმართა, რომ დაკავებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს მოწამედ ნუ აქცევენ.

“რაც დღეს ხდება ეკლესიაში, ეს არის შეთქმულება ეკლესიის წინაშე, მაგრამ მადლობა ღმერთს, პატრიარქი კარგადაა, საქართველოში დაბრუნდა, ყველაფერი დალაგდება, გაირკვევა და ყველას თავისი ადგილი ექნება ამ ქვეყანაზე. დაველოდოთ გამოძიებას, ნუ ვუსწრებთ მოვლენებს, ყველაფერი დალაგდება. სიმართლე არ დაიმალება არასდროს, მე ჩემს ქადაგებაში მითქვამს, ყოველთვის სიმართლე იზეიმებს. თქვენ სენსაციებზე ნუ დადიხართ, გაუფრთხილდით ჩვენს ქვეყანას, გაუფრთხილდით ეკლესიას. ეს არის ერთადერთი ეროვნული, რაც ჩვენ გვაქვს. გაუფრთხილდით მას. არ გვინდა სენსაციები ავაგოთ ვიღაცის კომპრომატებზე. ნუ გავხადეთ მამა გიორგი მოწამედ ახლა. ჩვეულებრივი რიგითი სასულიერო პირია, როგორც ყველა. ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ გაირკვევა სიმართლე”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

ილია მეორის გერმანიაში ყოფნის დროს პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავა და ბრალი მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის წაუყენა. დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატიმრობა 2017 წლის 10 თებერვალს მიუსაჯეს. თავდაპირველად პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ერთ-ერთი სამღვდელო იერარქის მოწამვლა სურდა და ციანიდით მიემგზვრებოდა ბერლინში, სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე და სინოდის წევრების ნაწილი. დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მესამე ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ დეკნოზს ბრალად ედება პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება.

შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტი ვახტანგ ახვლედიანი მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტი იყო და მას ხმამაღლა დაუპირისპირდა მრევლის ნაწილი. მარგვეთის ეპარქიაში მრევლმა მეუფის წინააღმდეგ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა და მთავარეპისკოპოსის რეზიდენციის კარი აჭედა. ამ საკითხის თაობაზე მათ სინოდს მიმართეს, ხოლო პატრიარქმა ილია მეორემ ამ საკითხის შესწავლა მეუფე იაკობს დაავალა. საბოლოოდ, სინოდის გადაწყვეტილებით, მეუფე ვახტანგი შვედეთის ეპარქიის მრევლზე იზრუნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი