"აეროსმიტის" სოლისტი, სტივ ტაილერი EPA/MAXIM SHIPENKOV

“აეროსმიტის” კონცერტის ბილეთები 25 თებერვლიდან გაიყიდება

ამერიკული როკ-ჯგუფის, “აეროსმიტის” კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 25 თებერვალს დაიწყება. ბილეთების ელექტრონულად შეძენა შესაძლებელი იქნება biletebi.ge-სა და tkt.ge-ზე.

ამერიკული როკ-ჯგუფის კონცერტი შეკვეთილში, Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში 20 მაისს გაიმართება და ბილეთების ღირებულება 50 ლარიდან დაიწყება.

შშმ პირებისთვის ბილეთის ფასი 40 ლარი იქნება.  „Black Sea Arena”-ს მესამე სექცია ეღირება 50 ლარი, მეორე სექცია – 100 ლარი, ხოლო პირველი სექცია – 200 ლარი. სცენის მიმდებარედ დასადგომი ბილეთის (გოლდენ რინგის) შეძენა შესაძლებელი იქნება 70 ლარად, ხოლო „ვიპ ზონის“ ბილეთის ღირებულება 400 ლარი იქნება.

biletebi.ge-ზე მხოლოდ გოლდენ რინგის (ფეხზე დასადგომი) ბილეთები გაიყიდება, ხოლო tkt.ge მხოლოდ დასაჯდომ ბილეთებს გაყიდის.


ჯგუფი 1970 წელს ბოსტონში შეიქმნა და მას შემდეგ 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა. ჯგუფი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ დაჯილდოებაზე, “გრემიზე” 16-ჯერ იყო წარდგენილი. ჯილდოს მოპოვება კი 4-ჯერ, საუკეთესო როკშესრულებისთვის შეძლო. ამ კატეგორიაში ჯილდოების რაოდენობით “აეროსმიტს” მხოლოდ U2 უსწრებს. კარიერის მანძილზე ჯგუფმა მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონ ჩანაწერზე მეტი გაყიდა და ყველა დროის ყველაზე კარგად გაყიდვად ბენდებს შორის დაიმკვიდრა თავი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი