ახალი ამბები

პროკურატურა: გადაისინჯება რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილის გამამტყუნებელი განაჩენი

21 თებერვალი, 2017 • 1455
პროკურატურა: გადაისინჯება რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილის გამამტყუნებელი განაჩენი

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, გეგმავენ გადასინჯონ თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების სარდლობის საავიაციო ბრიგადის ტაქტიკური სადაზვერვო ესკადრილიის ყოფილი მეთაურის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე მამუკა ზოიძის გამამტყუნებელი განაჩენი.

პროკურატურის განცხადებით, ჩატარდა ხელახალი გამოძიება, რომელმაც ამ პირის ბრალეულობა გამორიცხა. პროკურატურის განცხადებით, ამ განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ.

პროკურატურის ცნობით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოს  22 პირის საქმეზე  მიმართა. პროკურატურაში ეს დეპარტამენტი 2015 წლის იანვარში შეიქმნა.

“2012  წლის 1 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების სარდლობის საავიაციო ბრიგადის ტაქტიკური სადაზვერვო ესკადრილიის მეთაური მამუკა ზოიძე დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, ტარების ფაქტზე.

2011 წლის 6 ოქტომბერს მაიორი მამუკა ზოიძე გამოიძახეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში და არარსებული ჯაშუშობის აღიარება მოსთხოვეს. მამუკა ზოიძემ აღნიშნული ბრალდება კატეგორიულად უარყო, რის შემდეგაც  მას გახადეს სამხედრო ფორმა, ჩააცვეს სპორტული ტანსაცმელი, თავზე ჩამოაცვეს ტომარა და ფარულად გადაიყვანეს ვაზიანის ჰაუპტვახტში. ოფიციალურად კი მისი დაკავების ვერსიად გაფორმდა, თითქოსდა პირადი ჩხრეკისას მას ამოუღეს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი. პროკურატურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მამუკა ზოიძეს ცეცხლსასროლი იარაღი იმჟამინდელი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების დავალებით ჩაუდეს და სამხედრო მოსამსახურისთვის ღირსების შეურაცხყოფით უკანონოდ დააკავეს.

მ.ზოიძე დაჯილდოებული იყო პირველი და მეორე ხარისხის მედლებით, ,,უმწიკვლო სამსახურისთვის“ და გამოჩენილი მამაცობისთვის ,,გენერალ კვინიტაძის“ მედლით. ასევე მონაწილეობდა 2007 წელს ერაყის სამშვიდობო მისიაში და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პატიმრობის  შეფარდებიდან 5 თვის შემდეგ მ.ზოიძე გათავისუფლებული იქნა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე და გათავისუფლებიდან 1 თვეში აღდგენილი იქნა თანამდებობაზე,”- აცხადებს პროკურატურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი