ახალი ამბები

პრეზიდენტი: მამა გიორგის უნდა მიეცეს საშუალება, თავისი სიმართლე გააცნოს საზოგადოებას

21 თებერვალი, 2017 • 3693
პრეზიდენტი: მამა გიორგის უნდა მიეცეს საშუალება, თავისი სიმართლე გააცნოს საზოგადოებას

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველა მხარეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს, 21 თებერვალს, საპატრიარქოში იმყოფებოდა. მისი თქმით, იგი დაესწრო ეპისკოპოსებთან პატრიარქის თათბირს.

“პატრიარქი და მეუფეებიც ძალიან ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ. ეს არის თათბირი, სადაც ყველას აქვს განსხვავებული აზრის და დისკუსიის შესაძლებლობა. ძალაინ საინტერესო თათბირია იმიტომ, რომ ასეთ ღიაობა, დემოკრატიულობა, ერთმანეთის აზრის მიღება თავისთავად კარგი დასანახია. პოლიტიკოსებიც, კარგი იქნება, ასე ღიად რომ ვსაუბრობდეთ. ვისაუბრეთ არსებული სირთულეების თაობაზე. ჩემი აზრით, შეჯამება ამ საუბრის მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა, დააფიქსიროს, ამტკიცოს თავისი სიმართლე, ან სიმართლის თავისი ვერსია. ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართლდამცავ სტრუქტურებს, აკეთონ თავისი საქმე პოლიტიკური ჩარევების გარეშე, ამ პროცესის ღიაობით, გამჭვირვალობით შეჯიბრობითობით, იმიტომ, რომ მე მინდა შევახსენო ყველას, რომ დღეს შეჯიბრობითობა და უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულია საქართველოში და მამა გიორგის, მის ადვოკატებს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თავის სიმართლე გააცნონ საზოგადოებას, რადგან ჩვენ ყველანი ამაზე ვსაუბრობთ. ამ პროცესით ჩვენ გადავლახავთ არსებულ სირთულეებს და მივალთ ჭეშმარიტ პასუხებამდე,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ილია მეორის გერმანიაში ყოფნის დროს პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავა და ბრალი მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის წაუყენა. დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატიმრობა 2017 წლის 10 თებერვალს მიუსაჯეს. თავდაპირველად პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ერთ-ერთი სამღვდელო იერარქის მოწამვლა სურდა და ციანიდით მიემგზვრებოდა ბერლინში, სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე და სინოდის წევრების ნაწილი. დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მესამე ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ დეკნოზს ბრალად ედება პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი