ახალი ამბები

დეკანოზის ახალი ადვოკატი საქმის მასალებს არ გაცნობია, რადგან გაუთქმელობას არ თანხმდება

21 თებერვალი, 2017 • 4792
დეკანოზის ახალი ადვოკატი საქმის მასალებს არ გაცნობია, რადგან გაუთქმელობას არ თანხმდება

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ იმის გამო, ადვოკატი გაუთქმელობის ხელწერილზე ხელის მოწერაზე უარს აცხადებს, საქმის მასალებს არ გაცნობია. თუმცა, ადვოკატის თქმით, დეკანოზის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია ამ ეტაპზე საკმარისია:

მე ვესაუბრე მამა გიორგის და, შესაბამისად, კითხვაზე, თუ რაში იყო ბრალდებული და რა იყო რეალურად მისთვის ცნობილი, ამაზე გვქონდა საუბარი. იქიდან გაირკვა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტის მკვლელობის მცდელობას ედავება გამოძიება. ინფორმაციას ვფლობ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენებაც და ის ინფორმაციაც, რაც მამა გიორიგს წარედგინა, ამ ეტაპზე ჩემთვის საკმარისია,” – ამბობს ადვოკატი. 

რაც შეეხება დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის ინფორმაციით, დამატებითი გამოკვლევებისთვის დეკანოზის გადაყვანა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში იგეგმება, სადაც მას თავზე ტომოგრაფიული გამოკვლევა ჩაუტარდება. გამოკვლევის შემდეგ კი ბრალდებულს ისევ ჩაფიძის კლინიკაში დააბრუნებენ.

დეკანოზის დაკავებიდან დღემდე, საქართველოს პროკურატურას არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია, რომელიც მის დაკავებას შეეხება, რასაც მოითხოვს სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. პროკურატურა აცხადებდა, რომ ილია მეორის ჩამოსვლის შემდეგ გაასაჯაროებს ინფორმაციას, თუმცა ეს ამ დრომდე არ გაუკეთებია, იმის მიუხედავად, რომ ილია მეორე გუშინ დაბრუნდა საქართველოში.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. მას პროკურატურა ბრალად სდებს მკვლელობის მომზადებას. პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოწმის განცხადების მიხედვით, მას ერთ-ერთი სამღვდელო იერარქის მოწამვლა სურდა. პროკურატურის ცნობით, იგი ციანიდით მიემგზვრებოდა ბერლინში, სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე და სინოდის წევრების ნაწილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი