ახალი ამბები

“გურია ნიუსზე” ჰაკერულ შეტევას შსს ორი მუხლით იძიებს

21 თებერვალი, 2017 • 2320
“გურია ნიუსზე” ჰაკერულ შეტევას შსს ორი მუხლით იძიებს

“გურია NEWS“-ის განცხადებით, ჰაკერებმა გამთენიისას მათი ვებ–გვერდი გატეხეს, წაშალეს ყველა ინფორმაცია და ბაზები. მათი საიტი ახლა გათიშულია და მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

როგორც “გურია ნიუსის“ დამფუძნებელი, ია მამალაძე აცხადებს, ჰაკერშტევა მათი ვებ–გვერდის წინააღმდეგ ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. მისი თქმით, მედიასაშუალების თანამშრომლები საკუთარი ძალებით, შეზღუდული ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობის შესაბამისად, ცდილობდნენ ჰაკერულ შეტევებთან გამკლავებას:

“მაგრამ “გურია ნიუსის“ ინტერნეტრესურსის განადგურების სურვილი, ძალისხმევა იმდენად დიდი იყო, რომ დაინტერესებული პირების თუ ჯგუფის მასირებული შეტევა ბაზების, ინფორმაციის, ვების სტრუქტურის განადგურებით დასრულდა.”

ია მამალაძის განცხადებით,  ეს დიდი დარტყმა მცირე რესურსების მქონე მედიასაშუალებას ყოფნა–არყოფნის ზღვარზე აყენებს. “გურია ნიუსი“ ყველა სამართალდამცავ სახელმწიფო სტრუქტურას და კიბერუსაფრთხოების სამსახურს მიმართავს, რათა დაიწყოს გამოძიება, დაიცვან საკუთრებისა და მედიის ფუნდამენტური უფლებები.

“ჩვენი ყველა თანამშრომელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მკითხველ აუდიტორიას, რომელიც ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის, მაქსიმალურად მოკლე დროში დავუბრუნდეთ – პირობას ვაძლევთ მტრებსაც და მოყვრებსაც, რომ ჩვენ აუცილებლად ვიცოცხლებთ, რათა სიმართლეს, ჩვენს პროფესიას, საქართველოს ღირსეულ მომავალს ისევ ვემსახუროთ,” – აცხადებს მამალაძე.

“გურია ნიუსის” დამფუძნებელი ამბობს, რომ ერთი კვირის განმავლობაში მათ საიტზე ვირუსები შემოდიოდა, რომელიც ფაილებს ანადგურებდა:

“აღდგენის შემდეგ ვხედავდით, რომ ხელმეორედ ანადგურებდა ვირუსები ფაილებს; ვერანაირი წინააღმდეგობა გავუწიეთ. დღეს, გამთენიისას, უკვე მთლიანად – არქივებში, ბაზებში… – ყველგან იყო შეღწეული ვირუსი.”

როგორც ია მამალაძე ამბობს, “გურია ნიუსს” ბაზები საქართველოში აქვს განთავსებული: “კონექტშია ჩვენი სერვერი.”

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ “გურია ნიუსის” საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 284–ე და 286–ე მუხლების პირველი ნაწილებით დაიწყო.

სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და  ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. კოდექსის მიხედვით, თუ ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი ან თუ  ჩადენილია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან ამგვარი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, იგი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია კომპიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანება, წაშლა, შეცვლა ან დაფარვა და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. კოდექსის მიხედვით, თუ ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ან თუ ჩადენილია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან ამგვარი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ისჯება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი