ახალი ამბები

აბაშიძე: მართებული არ არის ლავროვის სიტყვები ბოევიკების მარშრუტზე საქართველოსთან მიმართებაში

21 თებერვალი, 2017 • 2573
აბაშიძე: მართებული არ არის ლავროვის სიტყვები ბოევიკების მარშრუტზე საქართველოსთან მიმართებაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ვახტანგ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებებს უპასუხა იმის თაობაზე, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, არამედ უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეც.

“უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ რუსეთის მხრიდან ამ საკითხზე, სავიზო რეჟიმზე სხვადასხვა მისაზრებები მოვისმინეთ. 2015-ის ბოლოს პუტინმა განაცხადა, ალბათ, გახსოვთ, რომ იდგა საკითხი სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის. მოგვიანებით, რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ იგეგმებოდა არა სავიზო რეჟიმის გაუქმება, არამედ გამარტივება, რაც შემდგომ მართლაც მოხდა.

ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ ასევე რუსეთის მხრიდან, რომ მიმდინარეობს მუშაობა ამ სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივების მიზნით. ამჯერად ლავროვმა ამ თვალსაზრისით ახალი ელემენტები გააჟღერა. ჩვენი პოზიცია ასეთია – ქართულმა მხარემ გამომდინარე ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან, 2011 წლიდან გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, რამაც გამოიწვია ის, რომ ასეთივე გადაწყვეტილება იქნა მიღბეული რიგი სხვა ქვეყნებისთვის და ამან გამოიწვია ტურისტების რაოდენობის ზრდა. დაახლოებით ერთი მილიონი ტურისტი ჩამოვიდა შარშან რუსეთდან.

ეს ციფრი და ის, რომ უცხოელი ტურისტები ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, იმის დასტურია, რომ ჩვენი უსაფრთხოების ხარისხი ძალიან მაღალია. ამიტომ ლავროვის სიტყვები იმაზე, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ბოევიკების მარშრუტი ხდება საქართველოსთან მიმართებაში, მართებული არ არის და ამას ვერ მივიღებთ”, – განაცხადა ვახტანგ აბაიძემ.

მისივე თქმით, რუსეთიდან სირიაში 2000 მოქალაქეა გასული.

“რუსეთის გადასაწყვეტია, როგორ რეჟიმს აირჩევს საქართველოს მოქალაქეებისთვის. თუ გადაიდგმება ნაბიჯი, რომ კიდევ უფრო გაამარტივონ რეჟიმი, ამას მივესალმებით. თუ გადაწყვეტენ, რომ გააუქმონ, ამასაც მივესალმებით. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი პირდაპირ საკითხია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემატიკასთან, კონფლიქტური რეგიონების თემასთან. სანამ არ მოხდება ძალიან სერიოზული წინსვლა, გარღვევა ამ კონფლიქტების დარეგულირების თვალსაზირისთ, ეს საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება”, – განაცხადა აბაშიძემ.

ლავროვმა ორი დღის წინ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებზე საუბრისას, განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება შესაძლებელია “მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების მოგვარებისა და რეგიონში უსაფრთხოების დონის ამაღლების” შემდეგ.

ლავროვის თქმით, სავიზო რეჟიმის გაუქმება რთული საკითხია, რომელიც უკავშირდება “არა მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობას, არამედ უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას იმ პირობებში, როდესაც არა მხოლოდ ცენტრალურ აზიას, არამედ ამიერკავკასიას, ზოგადად, სამხერთ კავკასიის რეგიონს აქტიურად იყენებენ ბოევიკები, ექსტრემისტები, ტერორისტები და ნარკომოვაჭრეები.”

მასალების გადაბეჭდვის წესი