ახალი ამბები

სერგეენკო: საყოველთაო ჯანდაცვაში დედათა და ბავშვთა ყველა სამედიცინო დაწესებულება ვეღარ ჩაერთვება

21 თებერვალი, 2017 • 3939
სერგეენკო: საყოველთაო ჯანდაცვაში დედათა და ბავშვთა ყველა სამედიცინო დაწესებულება ვეღარ ჩაერთვება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის თქმით, 1 მარტიდან სელექციური კონტრაქტორების ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება, რომლებიც თავდაპირველად დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაწესებულებებს შეეხება:

“ეს არის პირველი ნაბიჯი იმ რეფორმების, რომელთა შესახებაც განაცხადა სამინისტრომ. ეს არის სელექციური კონტრაქტირება სამედიცინო დაწესებულებების, რომლის ამოცანაც არის უზრუნველყოფა უფრო მაღალი ხარისხის. პირველ ეტაპზე ეს შეეხო, ალბათ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მიმარმთულებას – დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას,” – ამბობს სერგეენკო.

მინისტრის თქმით, თავდაპირველად ცვლილებები დიდ ქალაქებში არსებულ დაწესებულებებს შეეხება:

“შემოვიდა კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში ამ ეტაპზე დიდ ქალაქებში, სადაც არჩევანი არის, მხოლოდ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ ექნებათ ამ სამედიცინო დაწესებულებებს საშუალება, რომ ჩაერთონ საყოველთაო ჯანდაცვაში. ეს კრიტერიუმები მოიცავს რამდენიმე მიმართულებას – დაწყებული ინფექციების კონტროლის ხარისხით, ახალშობილთა და ორსულთა მოვლით, ასევე, გარკვეულ ინფრასტრუქტურულ და აღჭურვილობით კრიტერიუმებს,” – თქვა სერგეენკომ

მინისტრის თქმით, ინიციატივას წინ უძღოდა ორწლიანი მუშაობა, რომლის დროსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით შეფასდა სამედიცინო დაწესებულებები:

“განისაზღვრა აუცილებელი ცვლილებები, რომლებიც უახლოეს პერიოდში შევა ძალაში. ვფიქრობთ, რომ 1 მარტიდან უკვე ეს ახალი კრიტერიუმები დაინერგება და მიზანი არის, უზრუნველყოს უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და უფრო ხარჯთეფექტური მოვლა,” -ამბობს მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი