ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ევროპული საქართველო’’ გიგა ოთხოზორიას მკვლელის ინტერპოლით ძებნას ითხოვს

21 თებერვალი, 2017 • 2050
“ევროპული საქართველო’’ გიგა ოთხოზორიას მკვლელის ინტერპოლით ძებნას ითხოვს

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო’’ გიგა ოთხოზორიას მკვლელის ინტერპოლით ძებნაზე დასმას ითხოვს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი ოთო კახიძემ გამართა.

“მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს, აწარმოოს კომუნიკაცია ინტერპოლთან და ჩვენი მოქალაქის მკვლელი რაშიდ კანჯიოღლი მოხვდეს ძებნილთა სიაში, რათა შესაძლებელი გახდეს მომავალში მისი საქართველოში ექსტრადირება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა”, – აცხადებს ოთო კახიძე.

კახიძე სამარცხინოს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ოთხოზორიას მკვლელობიდან დღემდე მკვლელის ინტერპოლით ძებნაზე დასმა საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა.

“ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წერილი გაუგზავნა ინტერპოლს, მაგრამ ცხრა თვის განმავლობაში როგორ ვერ მოხერხდა, რომ იდენტიფიცირებული პირი, რომლის მხრიდან ოთხოზორიას მკვლელობა დადასტურებულია და მტკიცებულებებით არის გამყარებული, დღემდე ინტერპოლით არ იძებნება მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლების დახმარებით, რუსეთის ფედერაცია ახერხებს ჩვენი ოფიცრების ძებნაზე დასმას ისე, რომ არანაირი მტკიცებულებები მათ საქმეებში არ მოიპოვება. საქართველოს ხელისუფლება წერილის გაგზავნის გარდა არ აწარმოებს მჭიდრო კომუნიკაციას, რაც გულისხმობს მტკიცებულებების გაცვლას, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტების გაბათილებას და მეორე, საქართველოს ხელისუფლებას იმდენი ინტერპოლით ძებნილი პირი მოუხსნეს პოლიტიკურად მოტივირების გამო, რომ ავტორიტეტი და ნდობა შეიძლება ჰქონდეთ დაკარგული. რომელი მიზეზია, არ ვიცი, მაგრამ ცხრა თვის განმავლობაში ფირზე გადაღებული მკვლელის ინტერპოლის ძებნაზე დასმას რომ ვერ ახერხებს მთავრობა – სამარცხვინოა”.

გიგა ოთხოზორია 19 მაისს სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მკვლელობა განახორციელა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენელმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯიოღლიმ, რომელიც დაედევნა ოთხოზორიას მას შემდეგ, რაც სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ე.წ. საზღვართან და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღით, ბოლოს კი საკონტროლო გასროლაც მოახდინა, რის შედეგადაც ოთხოზორია გარდაიცვალა, ხოლო კანჯიოღლი ისევ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართებულით წავიდა და მიიმალა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსუბუქია და სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.

პროკურატურამ ხურჩაში 2016 წლის 19 მაისს მომხდარ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე გამოძიება  108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას.

პროკურატურის ცნობითვე, გამოძიება იმავე დღეს დაიწყო, დაკითხეს 36 მოწმე, დანიშნეს სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, ამოიღეს და გაშიფრეს ვიდეოფირები, რომლებზეც ასევე ჩატარდა ექსპერტიზა.

გიგა ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემაზე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრაზე 2016 წლის აგვისტოს იმსჯელეს. აფხაზურმა მხარემ ოთხოზორიას გადმოცემაზე უარი განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი