ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: მოქალაქემ რუსეთიდან დიდი ოდენობით კონტრაბანდული ხიზილალა შემოიტანა

21 თებერვალი, 2017 • 1815
საგამოძიებო სამსახური: მოქალაქემ რუსეთიდან დიდი ოდენობით კონტრაბანდული ხიზილალა შემოიტანა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე გამომძიებლებმა აღკვეთეს დიდი ოდენობით კონტრაბანდული ხიზილალის შემოტანის ფაქტი.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ მისი მართვის ქვეშ მყოფი „MITSUBISHI PAJERO“-ს მარკის ავტომანქანით რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში, საბაჟო გამშვები პუნქტი “ყაზბეგის” გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ავტომანქანაში არსებული სამალავებით შემოიტანა დიდი ოდენობით ხიზილალა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გამომძიებლებმა ბრალდებულის მიერ საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობის კონტრაბანდული პროდუქცია ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

საგამოძებო სამსახურის ცნობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

მასალების გადაბეჭდვის წესი