ახალი ამბები

მთავარეპისკოპოს ზენონს არ მიაჩნია, რომ შორენა თეთრუაშვილი ეკლესიისთვის ზიანის მომტანია

20 თებერვალი, 2017 • 2166
მთავარეპისკოპოს ზენონს არ მიაჩნია, რომ შორენა თეთრუაშვილი ეკლესიისთვის ზიანის მომტანია

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი და დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი აცხადებს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი არ არის საპატრიარქოსთვის ზიანის მომტანი.

“ქალბატონ შორენას მე ვიცნობ 1989 წლიდან, მე ვიყავი 17 წლის, მე აქ არ დავიბადე, თორემ გავიზარდე აქ. მე მას [შორენა თეთრუაშვილს] ვიცნობ ძალიან კარგად და ვერავის ვერ დავეთანხმები იმაში, რომ შორენა თეთრუაშვილი არის ეკლესიისთვის ზიანის მომყენებელი. ასეთ კონტექსტში თუნდაც, რაზეც არის საუბარი”, – განაცხადა ეპისკოპოსმა ზენონმა პატრიარქთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

იგი ამბობს, რომ არ ეთანხმება მიტროპოლიტ პეტრეს, რომელმაც შორენა თეთრუაშვილს საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველი უწოდა.

“მეუფე პეტრემ ძალიან კარგად იცის, რომ არ ვეთანხმები. თავის დროზეც გამოვთქვი ჩემი პოზიცია, ყველას რაღაც შეცდომა-გადაცდომა შეიძლება გვქონდეს, მაგრამ რასაც მეუფე პეტრე ლაპარაკობს, ეს ფორმა ჩემთვის, რა თქმა უნდა [მიუღებელია]”, – განაცხადა ეპისკოპოსმა.

ეპისკოპოსი ზენონი მიიჩნევს, რომ საპატრიარქომ უნდა მიმართოს ისეთ ღონისძიებებს, რაც საპატრიარქოში მიმდინარე ქონებრივ საკითხებს ნათელს მოჰფენს, მაგალითად, ფინანსურ აუდიტს ან სინოდის სხდომის მოწვევას. იგი ამბობს, რომ 1998-20002 წლებში თავადაც იყო საპატრიარქოს ეკონომიკური საბჭოს წევრი, მაშინაც მოიწვიეს აუდიტი და იმის მიხედვით იმოქმედეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი