ახალი ამბები

მოსამართლის მოქრთამვა? – საკრებულოს წევრების ნაწილი დადგენილების გაუქმებას ითხოვს

21 თებერვალი, 2017 • 2331
მოსამართლის მოქრთამვა? – საკრებულოს წევრების ნაწილი დადგენილების გაუქმებას ითხოვს

დღეს, 21 თებერვალს, თბილისის საკრებულოში მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების მოსასმენად მერიის წარმომადგენლები დაიბარეს, თუმცა ისინი საკრებულოს წევრებს არ შეხვდნენ.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, სევდია უგრეხელიძის თქმით, საკრებულოში დაიბარეს თბილისის მერის მოადგილეები, მერიის იურიდიული და ქონების მართვის სამსახურების უფროსები.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კი განაცხადა, რომ მან არ გაგზავნა საკრებულოში წარმომადგენლები.

“საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიოდ არის ცნობილი, ჩვენ არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ, არის აბსოლუტურად კანონიერი, აბსოლუტურად სწორი, ამიტომაც არ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, პოლიტიკური შოუს სანახავად და მოწყობის მიზნით ჩვენი თანამშრომლების გაგზავნა საკრებულოში”, – განაცხადა თბილისის მერმა.

“ისინი არ მობრძანდნენ. გასაგებია, რომ მათ აუკრძალეს მოსვლა. ნარმანიას უთქვამს, რომ პასუხი გაცემულიაო, მაგრამ საქმე ისაა, რომ პასუხი არაა გაცემული”, – ამბობს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი სევდია უგრეხელიძე.

“ეს არის აშკარა შეუსაბამობა კანონთან არა ერთ მომენტში, არამედ საქმის განვითარების ყველა ეტაპზე”,-  ამბობს უგრეხელიძე და იმ დეპუტატების აზრს იზიარებს, რომლებიც საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, ზვიად ნაზღაიძეს გადაეცა მიწის ნაკვეთი და ფულადი თანხა ვერეს სტიქიის დროს დაზიანებული ქონების სანაცვლოდ.

გაუფასურებული მიწის ნაკვეთი ყიფშიძის ქუჩაზე მერიამ მას შემდეგ დაიბრუნა უკან, რაც მილიონამდე ლარი გადაიხადა იმისათვის, რათა “რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის წევრი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ძმისთვის დაეფარა ვალი და სანაცვლოდ მიწის ნაკვეთი მიეცა, რაც თბილისის ბიუჯეტს მილიონამდე ლარი დაუჯდა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2017 წლის 20 იანვარს ზვიად ნაზღაიძე სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე 5001 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის მფლობელი გახდა. 2017 წლის 31 იანვარს კი ეს ნაკვეთი გამიჯნა, 4565 კვადრატულ მეტრის ნაკვეთი ზვიად ჩოხელს მისცა, ვინც მისი თქმით, ნაკვეთის წინა მფლობელი იყო და ვის მიმართაც შეუსრულებელი ვალდებულებები ჰქონდა. ხოლო დარჩენილი 436 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი დღესაც მის სახელზე ფიქსირდება.

რა ინფორმაცია მიაწოდა მერიამ საკრებულოს

თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ზვიად ნაზღაიძემ, 2016 წლის 23 დეკემბერს თბილისის საკრებულოს მიერ გამოცემული დადგენილების მიხედვით, 971 260 ლარი მიიღო. აქედან 515 460 ლარად შეფასებული სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე 5001 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი, საბანკო ანგარიშზე კი უნდა გადარიცხვოდა 455 800 ლარი. ამ თანხიდან დაიფარებოდა “საქართველოს ბანკის” მიმართ არსებული ვალდებულებები, ხოლო დანარჩენი თანხა ზვიად ნაზღაიძის პირად ანგარიშზე დაირიცხებოდა.

მერიამ ასევე მიუთითა, რომ ანაზღაურება უნდა მომხდარიყო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 8 ივლისის დასკვნაზე დაყრდნობით და სტიქიამდე არსებული ღირებულების ანაზღაურებით.

მერიის განცხადებით, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ღირებულება 2015 წლის 13 ივნისის სტიქიამდე იყო 971 260 ლარი, ხოლო სტიქიის შემდეგ – 23 867 ლარი.

აქვე წერია, რომ ნაზღაიძემ სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთზე 1200 კვადრატული მეტრი უნდა გამოიყენოს სამშენებლოდ, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე და ღია ავტოსადგომი მოაწყოს, რაშიც უნდა დახარჯოს 70 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია.

“ვინაიდან უძრავი ქონება მდებარეობს სტიქიური უბედურების ზონაში, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი გარემოების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია უძრავი ქონების ჩამორთმევა და მისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაცია”, – წერია მერიის მიმართვაში.

საკრებულომ ანაზღაურების გადახდის შესახებ დადგენილება 2016 წლის 24 დეკემბერს მერიის მიმართვის საფუძველზე მიიღო. მერიამ საკრებულოს მიმართა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს ზვიად ნაზღაიძისთვის “საზოგადოებრივი საჭიროებისთვის გადაუდებელი აუცილებლობისას წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპის დაცვით” უნდა გადაეცა ანაზღაურება 2015 წლისთვის ვერეს ხეობაში მდებარე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ.

რა დაუმალა მერიამ საკრებულოს ზვიად ნაზღაიძის შესახებ

მერიამ კომპენსაციის გაცემაზე მსჯელობა ზვიად ნაზღაიძის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.  2016 წლის 5 დეკემბერს, მერიის ცნობით, ნაზღაიძემ განაცხადა, რომ “საქართველოს ბანკი”, რომლის მიმართაც გაჩნდა ვალდებულებები, იმ შემთხვევაში მოხსნიდა იპოთეკას მიწის ნაკვეთზე, თუ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე 1642 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ 129 308 ლარი და 42 833 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში ჩაერიცხებოდა ნაზღაიძის მიერ მითითებულ ანგარიშებზე.

მერიამ მიმართვაში ჩაწერა, რომ ზვიად ნაზღაიძე 2011 წლიდან ფლობდა მიწის ნაკვეთს ვერეს ხეობაში. სინამდვილეში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთი- იმის გამო, რომ ზვიად ნაზღაიძემ ვალდებულებები ვერ შეასრულა- 2013 წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოს ბანკის მფლობელობაში გადავიდა. საჯარო რეესტრში ნაზღაიძე მფლობელად 2016 წლის 30 ნოემბერს ფიქსირდება, 4 დღით ადრე, სანამ მერიას ზარალის ანაზღაურებას მოსთხოვდა.

მერიამ საკრებულოს წევრებს განუმარტა, რომ ეს ნაკვეთი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “საქართველოს ბანკის” საკუთრება გახდა, ხოლო 2014 წელს ნაზღაიძესა და საქართველოს ბანკს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ზვიად ნაზღაიძეს გადაეცა ამ ნაკვეთის შესყიდვის ოფცია. ოფცია გულისხმობს იმას, რომ ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში, დადგენილ ვადაში მას ისევ შეეძლო ნაკვეთის შესყიდვა.

საკრებულოსთვის გაგზავნილ მიმართვაში მერიას არ აუსახავს ის ფაქტი, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს ბანკმა ოფციის ვადა 2015 წლის ნოემბერში გააუქმა.

სწორედ ამ საკითხზე მიუთითებენ საკრებულოს ის წევრები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საკრებულოს 29 დეკემბრის დადგენილება უნდა გადაიხედოს და გაუქმდეს, რადგან სტიქიის დროს ნაზღაიძე არ ყოფილა ამ ნაკვეთის მფლობელი და არც ზარალი განუცდია.

საკრებულოს ფრაქცია “რესპუბლიკელები” ამბობენ, რომ 2015 წლის სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურება განსაზღვრულია საკრებულოს დადგენილებით და კერძო საკუთრების ჩამორთმევას სჭირდება ორგანული კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ საჭიროებასთან ერთად, უნდა არსებობდეს გადაუდებელი აუცილებლობა.

ისინი ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიხედვით, სამშენებლოდ გამოსაყენებელი მიწის ნაკვეთის 1კვ მეტრი განსაზღვრა 150 აშშ დოლარად, მაშინ გამოდის, რომ 5001 კვადრატული მეტრი ღირს 750 150 დოლარი.

მის მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთი კი (4529 კვადრატული მეტრი), მასზე უფრო პატარა ფართი, 2 395 000 დოლარადაა გატანილი აუქციონზე.

საკრებულოს წევრის, ხათუნა სამნიძის თქმით, გვერდით რომ გადავდოთ “რუსთავი 2”-ის საქმე და ჩაიხედონ დოკუმენტაციაში, კარგად ჩანს, რომ კორუფციული გარიგებაა.

“კარგად ჩანს, რომ ეს არის კორუფციული გარიგება. გამონაკლისი წესისგან და ასეთი გამონაკლისი სხვა არ არსებობს მეორე, მიწა არ ეკუთვნოდა ნაზღაიძეს და უცებ მის საკუთრებაში აღმოჩნდა. მიწა არ ღირდა იმდენი, რამდენიც გადაუხადეს და რატომ მოხდა 2016 წლის ბოლოს და არა 2015 წელს, როდესაც ანაზღაურების პროცესი იყო რეგულარული?! გარდა ამისა, არსებობს 13 ივნისის სტიქიისგან დაზარალებული 13 ოჯახი, რომელსაც ანაზღაურება არ მიუღია ზარალის”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ამის გარდა, ხელშეკრულებაში, რომლის მიხედვითაც, მერიამ ნაზღაიძეს გადასცა მიწის ნაკვეთი სანდრო ეულის ქუჩაზე, არაა მითითებული ის ვალდებულებები, რომლებიც საკრებულოსთვის წარდგენილ დოკუმენტშია ასახული, რომ 1200 კვადრატული მეტრი უნდა გამოიყენოს მშენებლობისთვის და ნაკვეთზე მოაწყოს რეკრეაციული სივრცე და ღია ავტოსადგომი.

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ  მიწის ნაკვეთი და ფინანსური ანაზღაურება ზვიად ნაზღაიძეს მის მფლობელობაში არსებული ქონების სანაცვლოდ კანონის მოთხოვნების დაცვით გადაეცა.

“სამართლებრივ ნაწილში აღნიშნულ პროცესს პრობლემა არ აქვს. ამიტომ დაინტერესებულ მხარეებთან, იმავე საკრებულოსთან მიმართებით, ჩვენი სამსახურები მზად არიან, ამ სამართლებრივ ნაწილზე განმარტებები გააკეთონ და კიდევ ერთხელ დეტალურად ახსნან, რა პროცესთან გვქონდა საქმე. არანაირი მნიშვნელობა კონკრეტულ გვართან  მიმართებით და კონკრეტულ მოსამართლესთან მიმართებით ამ პროცესს არ აქვს ” –  თქვა ლექვინაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2:-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

“ნეტგაზეთს” სურდა დაკავშირება ნატა ნაზღაიძესთან, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოში განგვიცხადეს, რომ მოსამართლე ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერს იტყვის. ამის გამო ჩვენ “იმედის დროსთვის” მიცემული ინტერვიუ გამოვიყენეთ, სადაც ნატა ნაზღაიძე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს.

“მე და ჩემი ძმა ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ, როგორც მან არ იცის, მე რა საქმეს ვიხილავ, რა დეტალია ამ საქმეში.. იცის, რომ მე მოსამართლე ვარ, იცის, რომ მე საქმეებს ვიხილავ, ასე ვარ მე ჩემს ძმასთან ურთიერთობაშიც, ვიცი, რომ რაღაცა შეიძინა, მაგრამ კონკრეტული პირობა – ვისთან, როგორ, არ არის ჩემთვის ცნობილი. ეს აბსოლუტურად მისი საქმიანობის სფეროა”, – განაცხადა ნატა ნაზღაიძემ.

“აქ ერთი დასკვნაა. სხვა დასკვნა არ არსებობს, ეს არის მიზანმიმართული კამპანია ჩემი, როგორც მოსამართლის, როგორც კონკრეტულად “რუსთავი 2″-ის საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ. საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და აშკარად მიმართული ჩემი დისკრედიტაციისკენ”, – ამბობს ნაზღაიძე.

ნატა ნაზღაიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, მისი შემადგენლობით შემდგარმა კოლეგიამ განიხილა რუსთავი 2-ის საქმე, რომელმაც უცვლელად დატოვა ძალაში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია “რუსთავი 2” ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი