ახალი ამბები

მინისტრის მოადგილე: სასჯელაღსრულების #7 დაწესებულება რამდენიმე კვირაში გაუქმდება

20 თებერვალი, 2017 • 2292
მინისტრის მოადგილე: სასჯელაღსრულების #7 დაწესებულება რამდენიმე კვირაში გაუქმდება

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის,  ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების #7 დაწესებულება რამდენიმე კვირაში გაუქმდება. ამის შესახებ მან ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც  დეპუტატები სამინისტროების მიერ სახალხო დამცველის მხრიდან გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ისმენენ ანგარიშს.

“ნომერ მეშვიდე დაწესებულება რამდენიმე კვირაში დაიხურება.  ახალ ციხეში ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს, პატარ-პატარა ინფრასტრუქტურული სამუშაოებია დასასრულებელი და დასრულებისთანავე იქ გადავიყვანთ პატიმრებს. ნამდვილად აღარ იქნება ის პირობები, რაც ახლა არსებულ მეშვიდე დაწესებულებაშია,” – აღნიშნა ზვიად მიხანაშვილმა.

სახალხო დამცველის განცხადებით, მეშვიდე დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების პირობები შეიძლება არაადამიანურ მოპყრობასთან იყოს გათანაბრებული:

“2017 წლის 31 მარტს უნდა წარვადგინოთ ახალი ანგარიში და, იმედია, მანამდე დაიხურება ეს დაწესებულება და ამ ციხის დახურვის რეკომენდაციას აღარ შევიტანთ. იქ მსჯავრდებულების ყოფნა, შეიძლება ითქვას, რომ უთანაბრდება არაადამიანურ და არასათანადო მოპყრობას. გარკვეული ცვლილებების მიუხედავად, იქ ძალიან მძიმე პირობებია”.

#7 დაწესებულებაში ძირითადად განთავსებული არიან ე.წ. კანონიერი ქურდები და კრიმინალური ავოტორიტეტები. სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, დაწესებულებაში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებია:

” დაწესებულებაში არის 27 საკანი. აქედან 14 საკანი ორადგილიანია, 5 საკანი განკუთვნილია  4 პატიმრისთვის, ხოლო დანარჩენი 8 საკანი გათვლილია რვა-რვა პატიმარზე. ორადგილიან N3 და N6 საკნებში პატიმრები არ იყვნენ განთავსებული, რადგან საკნები სარემონტო იყო. ორადგილიანი საკნის ფართი შეადგენს დაახლოებით 7 კვადრატულ მეტრს, ოთხადგილიანის – 9 კვადრატულ მეტრს, ხოლო რვაადგილიანის – 14,5 კვადრატულ მეტრს. ორადგილიან საკანში ერთი პატიმრისთვის განკუთვნილი ფართი შეადგენს 3,5 კვადრატულ მეტრს, ოთხადგილიან საკანში – 2,25 კვადრატულ მეტრს, ხოლო რვაადგილიან საკანში –1,8 კვადრატულ მეტრს. მოცემული გაანგარიშების დროს არ არის გამოკლებული მაგიდის, საწოლის და საპირფარეშოს ფართი.

დაწესებულებაში დღესაც უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს დაწესებულების ფიზიკური გარემო და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. სახალხო დამცველმა აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით არაერთი რეკომენდაცია გასცა. ამდენად, უცვლელია სახალხო დამცველის რეკომენდაცია დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით,” – წერია ანგარიშში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი