ახალი ამბები

ადვოკატი: პროკურატურას აწყობს, მხოლოდ მათი პოზიციის გაჟღერებით შეიქმნას დეკანოზზე ნეგატიური აზრი

20 თებერვალი, 2017 • 3836
ადვოკატი: პროკურატურას აწყობს, მხოლოდ მათი პოზიციის გაჟღერებით შეიქმნას დეკანოზზე ნეგატიური აზრი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მია ზოიძის თქმით, ბრალდებაში საუბარია მხოლოდ ერთი პირის მკვლელობის მომზადებაზე, რომელიც არ გახლავთ სასულიერო პირი.

“ჩვენ მოვითხოვთ, ერთხელ და სამუდამოდ დაკონკრეტდეს, თუ ვისზეა საუბარი, და სპეკულაციები და ბუნდოვანება ამ თემაზე ამოიწუროს”, – განაცხადა ადვოკატმა, რომელმაც სპეციალური ბრიფინგი გამართა მთავარ პროკურატურასთან და კიდევ ერთხელ მოითხოვა, რომ ადვოკატებს მოეხსნათ გაუთქმელობის ვალდებულება.

“ჩვენ მოწერილი გავქვს ხელი სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას [გაუთქმელობის ხელწერილის დარღვევის შემთხვევაში]. ხოლო რას მოვიმოქმედებთ, ეს უნდა შევათანხმოთ მამა გიორგისთან. აუცილებლად იქნება ნაბიჯები. თუ ორი დღის ვადაში არ მოგვეხსნა ეს ვალდებულება, ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ გავაცნოთ საზოგადოებას, რა იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები”, – განაცხადა ზოიძემ.

ადვოკატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საქართველოს პროკურატურამ საქმის მასალების ნაწილი უკვე გააცნო საპატრიარქოს:

“მე, როგორც იურისტმა, არ ვიცი, რომელ სამართლებრივ ნორმაში ჯდება მსგავსი. ეს ჰგავს ცალ კარში თამაშს და, როგორც ჩანს, საქართველოს პროკურატურას აწყობს, ჟღერდებოდეს მხოლოდ მათი პოზიცია და შეიქმნას ბრალდებულ გიორგი მამალაძეზე ნეგატიური საზოგადოებრივი აზრი. ის არ მუშაობს, ისინი არ მუშაობენ ჭეშმარიტების დადგენაზე”, – განაცხადა ზოიძემ.

მისივე თქმით, გიორგი გაბიტაშვილმა, პროკურორის მოადგილემ , “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ მამა გიორგის ბარგიდან თითქოსდა ამოღებული ნატრიუმის ციანიდი საკმარისია რამდენიმე ადამიანის მოსაკლავად და მისი გამოყენება აუცილებლად იწვევს სიკვდილს.

“მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, დაცვის მხარეს, ასევე გაგვაჩნია. საქმეში დევს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, სადაც არც ერთი ეს მოსაზრება- ის, რომ ეს რაოდენობა საკმარისია რამდენიმე ადამიანის მოსაკლავად და ის, რომ ის გარდაუვლად იწვევს სიკვდილს- ნამდვილად არ წერია. მე ამ ეტაპზე არ მაქვს საშუალება, გაგაცნოთ ეს დასკვნა, მაგრამ როცა მოგვეხსნება გაუთქმელობა, საზოგადოებას სიტყვა-სიტყვით წავაკითხებთ, რა წერია ამ დასკვნაში”, – განაცხადა ადვოკატმა.

რატომ ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და რას ემსახურება ამ დეზინფორმაციის გავრცელება? – კითხულობს ადვოკატი.

“ირღვევა ჩვენი თანასწორობის პრინციპები, უდანაშაულობის პრეზუმფცია, საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული უფლებები, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწნებული უფლებები, დაცვის პოზიცია და სხვა სამართლებრივი ნირმები. შესაბამისად, ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, ერთი მხრივ, მოგვეხსნას გაუთქმელობის ვალდებულება და მეორე, მე მინდა გამოვეხმაურო, რომ მიუხედავად იმისა რომ საქმეს არ ადევს გრიფი საიდუმლო, დღემდე არ ხდება დაკონკრეტება, თუ ვის მკვლელობის მომზადებას ედავებიან მამა გიორგი მამალაძეს. იმიტომ, რომ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ არ იციან, ერთ პირზეა სუბარი, ორზე თუ სამზე. მინდა გითხრათ, რომ ბრალდებაში საუბარია მხოლოდ ერთ პირზე, რომელიც არ გახლავთ სასულიერო პირი და ჩვენ მოვითხოვთ ერთხელ და სამუდამოდ დაკონკრეტდეს, თუ ვისზეა საუბარი, და სპეკულაციები და ბუნდოვანება ამ თემაზე ამოიწუროს”, – განაცხადა მია ზოიძემ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი