ახალი ამბებისამართალი

ადვოკატი: დეკანოზ მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად

20 თებერვალი, 2017 • 3776
ადვოკატი: დეკანოზ მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად

დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მესამე ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ დეკნოზს ბრალად ედება პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება.

“არანაირი საშიშროება არ ემუქრებოდა საქართველში, ღმერთმა დაიფაროს, არანაირი უბედურება არ გვეწეოდა. არა, [არც გერმანიაში]. საბრალდებო დასკვნაში მითითებულია, როგორც მამა გიორგიმ ბრძანა, მდივან-რეფერენტის მიმართ [მკვლელობის მომზადება ედება ბრალად]… როდესაც განხორციელდა მამა გიორგის დაკავება, რომელსაც, იძახიან, აღმოაჩნდა [ციანიდი], 6 საათის და 40 წუთის შემდეგ მიიტანეს იქ, სადაც იყო მამა გიორგი”, – განუცხადა პირველ არხს მიხეილ რამიშვილმა.

დეკანოზის დაკავებიდან დღემდე, საქართველოს პროკურატურას არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია, რომელიც დეკანოზის დაკავებას შეეხება, რასაც მოითხოვს სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. პროკურატურა აცხადებს, რომ ილია მეორის ჩამოსვლის შემდეგ გაასაჯაროებს ინფორმაციას.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს წინასწარი პატიმრობა 2017 წლის 10 თებერვალს შეუფარდეს. მას პროკურატურა ბრალად სდებს მკვლელობის მომზადებას. თავდაპირველად პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ერთ-ერთი სამღვდელო იერარქის მოწამვლა სურდა და ციანიდით მიემგზვრებოდა ბერლინში, სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე და სინოდის წევრების ნაწილი.

საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ  საქმის კურსში იმყოფებოდა და პატრიარქის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სპეციალური დაცვის სამსახურის უფროსი გაგზავნა ბერლინში. თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეკანოზს არ ედებოდა ბრალად მაღალი სამღვდელო იერარქის მკვლელობა. შემდეგ კი პროკურატურამ ისევ უარყო აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადა, რომ საზოგადოება წინასწარ გავრცელებულ ინფორმაციას უნდა დაყრდნობოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი